,,ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს''- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 12.05.2026 23:35

 

„ჰანტავირუსის" უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს და მომდევნო კვირებში ვირუსის დამატებითი შემთხვევებიც დაფიქსირდეს.

„ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ ჩვენ ვხედავთ უფრო დიდი აფეთქების დასაწყისს, თუმცა ვითარება შეიძლება, შეიცვალოს და ვირუსის გრძელი ინკუბაციური პერიოდის გამო, მომდევნო კვირებში მეტი შემთხვევა იყოს. ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად, ჯამში ცხრა დადასტურებული შემთხვევაა, კიდევ ორი კი საეჭვოა. როგორც მედია წერს, ინფიცირებულია საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რომელიც საკრუიზო გემზე იმყოფებოდა. ის პარიზის საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების თქმით, მას დაავადების „ყველაზე მძიმე ფორმა" აქვს.

მედია ასევე იტყობინება, რომ „ჰანტავირუსი" დაუდასტურდა მადრიდში კარანტინში მყოფ ესპანელთაგან ერთ-ერთს. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლქვეშაა.

ეს არის იშვიათი დაავადება, რომელიც, როგორც წესი, ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტითაა გამოწვეული, თუმცა პირველად დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემა. სიმპტომებს შორისაა სიცხე, ძლიერი დაღლილობა, კუნთების ტკივილი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და სუნთქვის გაძნელება.

თავდაპირველად გემზე 28 ქვეყნის დაახლოებით 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. საკრუიზო გემი ჯერ კიდევ ზღვაშია და 17 მაისს მიაღწევს ნიდერლანდებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ