15.05.2026 18:34
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარუმატებლად სცადა სპარსეთის ყურის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანზე კოორდინირებულ თავდასხმას შეერთებოდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდი ტელეფონით ესაუბრა რეგიონის სხვა ლიდერებს, მათ შორის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს და კოლექტიური კამპანიის წამოწყების ინიციატივა გააჟღერა, თუმცა მისმა კოლეგებმა უარი განაცხადეს. როგორც გამოცემა წერს, ამით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი იმედგაცრუებული დარჩა.
რეგიონული მედიის შეფასებით, შესაძლოა, ამ პასუხით აიხსნას არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი უთანხმოებები, მათ შორის, გასულ თვეში არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ „ოპეკის" კარტელის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
„ბლუმბერგი" ასევე იუწყება, რომ საუდის არაბეთმა ირანს მარტში დაარტყა, თუმცა მალევე პაკისტანის ხელმძღვანელობით შუამავლობის ძალისხმევის მხარდაჭერაზე გადაინაცვლა. სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი სამხედრო რეაგირების დაწყების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და სურდა, ამ ინიციატივას საუდის არაბეთი და კატარიც შეერთებოდნენ.
ავტორ(ებ)ი :