16.05.2026 17:48
უკრაინელი ჟურნალისტის, დარინა ჩიჟის განცხადებით, ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, დაკავებული ანდრეი ერმაკისთვის გირაოთი განსაზღვრული თანხის ნაწილი გადაიხადა.
ჩიჟი ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, სადაც აქვეყნებს ფოტოებს უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ, ფოტოზე თანხის ოდენობა დაფარულია.
დარინა ჩიჟი ტელეარხებზე „1+1"-სა და „СТБ"-ზე მუშაობდა და ასევე იყოს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანიც.
„მე მკაფიოდ ვასხვავებ, სად არის სამართლიანობა და სადაა მისი სახელით შენიღბული ანგარიშსწორება. ამიტომ დღეს შემაქვს გირაო ანდრეი იერმაკისთვის. ეჭვი არ მეპარება, სააკაშვილი თავისუფალი რომ ყოფილიყო, ის ზუსტად ასევე მოიქცეოდა", - წერს ჩიჟი.
ამის შემდეგ კი აქვეყნებს პოსტს სადაც წერს: „ერმაკი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ, მე უკვე - კი".
როგორც Чесно წერს, დარინა ჩიჟი ხელმძღვანელობს ადვოკატთა გაერთიანებას „ბოგომაზოვი და პარტნიორები" და არის მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის" წევრი და საარჩევნო სიაში 35-ე ნომრად ფიგურირებს.
ცნობისთვის, 14 მაისს უკრაინის ანტიკორუფციულმა უზენაესმა სასამართლომ ანდრეი ერმაკს 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, 140 მილიონი გრივნის ოდენობით გირაოთი გათავისუფლების უფლებით. ერმაკმა განაცხადა, რომ მას ასეთი თანხები არ გააჩნია და აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება.
გამოცემის ცნობით, ერმაკის სახელზე 58.8 მილიონი გრივნა იქნა შეტანილი.
ავტორ(ებ)ი :