16.05.2026 18:09
ტაივანი სუვერენული და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოა და არ ექვემდებარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, - ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რითაც დონალდ ტრამპის ჩინეთში გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს.
ტაივანის საგარეო უწყება გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერის პეკინში ვიზიტის დროს გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაეხმარებოდა თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის შემოჭრის შემთხვევაში, ტრამპმა განაცხადა, რომ „არ სურს, ვინმე დამოუკიდებელი გახდეს".
ამასთან, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა კუნძულს იარაღი უნდა მიჰყიდოს, რადგან ეს ტაივანის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.
„ტაივანისთვის აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვა არა მხოლოდ ვაშინგტონის უსაფრთხოების ვალდებულებაა, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული ტაივანის ურთიერთობების შესახებ კანონში, არამედ რეგიონული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი შეკავების ფორმასაც წარმოადგენს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც „პოლიტიკო" წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად არ ცნობს თვითმმართველ კუნძულს, პეკინი ვაშინგტონს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო კვლავ აკრიტიკებს.
ავტორ(ებ)ი :