,, სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია გრძელდება, დემოკრატია ვერ აყვავდება - მსოფლიოში ჯერ კიდევ უამრავი LGBTI პირი ძალადობის დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის მსხვერპლია''- კაია კალასი 17.05.2026 10:53

 

სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია გრძელდება, დემოკრატია ვერ აყვავდება, თანასწორობა არ არის არჩევითი, ის თავისუფალი და მდგრადი საზოგადოებების საფუძველია, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი კაია კალასი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

მისივე თქმით, მსოფლიოში ჯერ კიდევ უამრავი LGBTI პირი ძალადობის დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის მსხვერპლია.

ამასთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაერთიანება კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ვალდებულებას, დაიცვას LGBTI პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით სრულად და თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა.

„ჯერ კიდევ მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი LGBTI პირი კვლავ განიცდის ძალადობას, დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას და სტიგმატიზაციას და დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე ხდება უბრალოდ იმის გამო, თუ ვინ არიან. როდესაც LGBTI პირების მიერ ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა არ ხდება (ძირი აქვს გამოთხრილი), მათი ჩართულობა მცირდება და საზოგადოებები ხდება ნაკლებად ინკლუზიური და ნაკლებად დემოკრატიული. ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT), ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ვალდებულებას, დაიცვას LGBTI პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით სრულად და თანასწორად სარგებლობა",- აცხადებს კალასი.

კაია კალასი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპული გაერთიანება მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გააუქმოს კანონები, რომლებიც ერთნაირსქესიანი ურთიერთობების კრიმინალიზაციას ახდენს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც ამას თავად აირჩევენ.

„ჩვენ ახლა ვხედავთ გლობალურ წინააღმდეგობას ადამიანის უნივერსალური უფლებების წინააღმდეგ. დისკრიმინაცია ძლიერდება, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. 65 ქვეყანაში კვლავ კრიმინალიზებულია ერთნაირსქესიან წყვილთა ურთიერთობები, რაც ადამიანის საერთაშორისო უფლებების აშკარა დარღვევაა. ეს უნდა დასრულდეს. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გააუქმოს კანონები, რომლებიც ერთნაირსქესიანი ურთიერთობების კრიმინალიზაციას ახდენს და შეაჩეროს LGBTI პირების წინააღმდეგ მიმართული ახალი დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება. ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე",- აღნიშნა კალასმა.

კალასის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმას და თანასწორობა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებსა და მასთან დაკავშირებულ იურისპრუდენციაში.

მისივე თქმით, LGBTI პირების უფლებების დაცვის კუთხით ევროკავშირმა ბევრს მიაღწია, თუმცა ის კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში პროგრესი მიღწეულია, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეთ. ევროკავშირი გააგრძელებს LGBTI სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერას, მათ შორის მდგრადი და პროგნოზირებადი დაფინანსების გზით. მათი მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, მაშინაც კი, როდესაც ისინი მზარდი ზეწოლის წინაშე დგანან. ევროკავშირი კვლავაც მოუწოდებს LGBTI ადამიანის უფლებათა დამცველების გაძლიერებული დაცვისკენ, განსაკუთრებით სამოქალაქო სივრცის შემცირებისა და რეპრესიების ზრდის კონტექსტში. მომდევნო წლების განმავლობაში, კომისიის ახალი LGBTI+ თანასწორობის სტრატეგია მიზნად ისახავს ძალადობისგან დაცვის გაძლიერებას, სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის ონლაინ, თავისუფალი და თანასწორი ცხოვრების სივრცის გაფართოებას და მთლიანად საზოგადოების მობილიზებას რეალური თანასწორობის მისაღწევად",- აცხადებს კაია კალასი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ