„ევროპული დამსახურების ორდენის“ გადაცემის ცერემონიალზე ჟურნალისტმა მაია სანდუს სიტყვა შეაწყვეტინა და დიქტატორი უწოდა 19.05.2026 18:18

 

ევროპარლამენტში „ევროპული დამსახურების ორდენის" გადაცემის ცერემონიალზე მოლდოვის პრეზიდენტს დარბაზში მყოფმა ჟურნალისტმა სიტყვა შეაწყვეტინა და მაია სანდუს დიქტატორი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე" ავრცელებს.

„დოიჩე ველეს" ინფორმაციით, მაია სანდუმ გამოსვლა პრესის აივნიდან შეძახილების გამო შეწყვიტა. მამაკაცმა, რომელმაც თავი მოლდოველ ჟურნალისტად წარადგინა, სანდუს შეურაცხყოფა მიაყენა და დიქტატორი უწოდა. მამაკაცი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, დამსწრეებმა კი სანდუს მხარდაჭერა ტაშით გამოუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა ერთადერთი ინციდენტი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა. ორდენით დაჯილდოებულებს შორის იყო გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი. ამ ფაქტს ევროდეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მათ ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადეს.

„ევროპული დამსახურების ორდენით" ასევე დააჯილდოეს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და პოლონეთის ყოფილი ლიდერი ლეხ ვალენსა.

ლაურეატებს შორის იყვნენ ირლანდიური როკ ჯგუფის U2-ს მუსიკოსები, ყოფილი ევროკომისარი და ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა, ასევე ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი საული ნიინისტო.

ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ ახალი ორდენი არის პირველი საერთო ევროპული ჯილდო, რომელიც ევროკავშირმა დააწესა. მისი დაწესება დაემთხვა შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის საწყის წერტილად ითვლება.

წესდების მიხედვით, ორდენი ენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ევროპულ ერთობაში, დემოკრატიასა და ევროპული ღირებულებების დაცვაში. წესების მიხედვით, ევროკავშირის მოქმედ თანამდებობის პირებს ორდენს არ ანიჭებენ მათი თანამდებობის პერიოდში. ამასთან, ორდენი შეიძლება გაუქმდეს, მაგალითად, მძიმე დანაშაულის ან ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ