20.05.2026 15:32
რუსეთის მტკიცება, რომ ბალტიის ქვეყნები უკრაინული დრონებისთვის თავიანთ საჰაერო სივრცეს ხსნიან, სასაცილოა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უკრაინული დრონები ბალტიის ქვეყნებში თუ ხვდებიან, ეს მხოლოდ რუსეთის ომის შედეგია.
„თუ დრონები უკრაინიდან მოდიან, ისინი იქ იმიტომ არ არიან, რომ უკრაინას ლატვიაში, ლიეტუვასა ან ესტონეთში დრონის გაგზავნა სურდა. ისინი იქ რუსეთის უგუნური, უკანონო სრულმასშტაბიანი თავდასხმის გამო არიან", - განაცხადა რუტემ.
რუტეს თქმით, ნატო-მ „მშვიდი, გადამწყვეტი და პროპორციული პასუხი" გამოავლინა უკრაინულ დრონზე, რომელიც გუშინ ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუმინულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.
ცნობისთვის, 19 მაისს რუმინულმა გამანადგურებელმა ესტონეთში უკრაინული დრონი ჩამოაგდო, რამაც ქვეყნის ნაწილში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოიწვია. მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი აპარატი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
დრონთან დაკავშირებული „უნებლიე ინციდენტებისთვის" უკრაინამ ესტონეთს ბოდიში მოუხადა.
ავტორ(ებ)ი :