23.05.2026 12:55
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის „ასოცირებული წევრობის" იდეას უსამართლოდ მიიჩნევს.
ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიის წინადადება უკრაინისთვის ევროკავშირში „ასოცირებული" სტატუსის მინიჭების შესახებ „უსამართლოა", რადგან ეს კიევს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლებას ართმევს.
„უსამართლო იქნებოდა უკრაინისთვის ევროკავშირში ყოფნა, მაგრამ ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩენა. დადგა დრო, წინ წავიდეთ უკრაინის სრულფასოვანი წევრობისკენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს ომის დროს მათი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი ევროკავშირისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბასტიონის როლს ასრულებს.
„ჩვენ ვიცავთ ევროპას - სრულად, არა ნაწილობრივ და არა ნახევრად ზომებით. უკრაინა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თანასწორ უფლებებს ევროპაში", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
წერილის ადრესატები არიან: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდულიდესი.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შესთავაზა უკრაინას ევროკავშირის შეხვედრებში ხმის უფლების გარეშე მონაწილეობის უფლება, როგორც ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობისკენ გადადგმული შუალედური ნაბიჯი.
ავტორ(ებ)ი :