13.06.2026 23:46
აშშ-მ რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა | ინფორმაციას Deutsche Welle აშშ-ის საელჩოსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ დეპორტირებული მიგრანტების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია ორ ათეულზე მეტ ადამიანზე. მათი ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა საკამათო შეთანხმებებს აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან იმ მიგრანტების დეპორტაციის მიზნით, რომელთა სამშობლოში გაბრუნებაც შეუძლებელია.
გამოცემა წერს, რომ აშშ-მა მიგრანტების გარკვეული რაოდენობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და არასტაბილურ სახელმწიფოში - დეპორტაციით გაგზავნა და ეს მოხდა საკამათო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ვაშინგტონს აძლევს უფლებას, მიგრანტები იმ ქვეყნებში გააძევოს, რომლებიც მათი სამშობლო არ არის, თუკი მათ საკუთარ სახლში დაბრუნება ვერ ხერხდება.
აშშ-ის საელჩოსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ჩასვლისთანავე კაცები და ქალები ერთმანეთისგან განაცალკევეს და მათი ნაწილი დროებით განთავსებულია მეხანძრეების ბაზაზე, ბანგიში აშშ-ის საელჩოს მშენებარე კომპლექსის მახლობლად.
„ეს პირები აშშ-დან გააძევეს და მიატოვეს ქვეყანაში, სადაც მათ არ აქვთ არც სტატუსი, არც კავშირები და არც მხარდაჭერის ქსელი. ჩვენ ვშიშობთ, რომ საბოლოოდ მათ აიძულებენ დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც თავდაპირველად გამოიქცნენ" | განაცხადა წყარომ
ავტორ(ებ)ი :