20.06.2026 00:06
უკრაინა ომის დასრულებამდე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვერ გახდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ომის დასრულებამდე უკრაინას შეუძლია მიიღოს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი, რაც ინტეგრაციის ერთგვარი შუალედური ეტაპი იქნება. მერცმა აღნიშნა, რომ ამის გაკეთება მარტივია, რადგან მსგავსი მოდელი ევროკავშირის ხელშეკრულებებში ცვლილებებს არ მოითხოვს.
მან გაიხსენა, რომ 1991 წელს, გერმანიის გაერთიანებიდან მალევე, ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ) წარმომადგენლებს ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსი მისცეს, თუმცა ხმის უფლების გარეშე.
კანცლერმა ასევე განმარტა, თუ რატომ შეიძლება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკრაინაზე ადრე გახდნენ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები.
მისი თქმით, მთავარი განსხვავება ისაა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ახლა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
"ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც უკრაინას, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. თუმცა, მას შეუძლია ჯერ გახდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ხოლო შემდგომ - სრულუფლებიანი წევრი," - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.
მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს უქმნის პოლონელ ფერმერებს.
მან შეშფოთება გამოთქვა, რომ პროცესებში "ძალიან გვიან ჩაერთო" და ვეღარ მოასწრო იმ გადაწყვეტილებების შეჩერება, რომლებიც პოლონელი აგროსექტორის წარმომადგენლებისთვის საზიანოა.
ნავროცკიმ დასძინა, რომ კარგად ესმის უკრაინის მისწრაფებები, თუმცა მისი მთავარი მოვალეობა პოლონეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვაა.
ავტორ(ებ)ი :