21.06.2026 10:15
მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს, რადგან მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობა დაკარგა. ამის შესახებ „ობზერვერი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტარმერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, მრჩევლებთან, პროფკავშირების ლიდერებსა და ლეიბორისტული პარტიის დონორებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. როგორც გამოცემა წერს, სტარმერი თანამდებობის დატოვების ვადებს ისე განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების გადაცემა ორგანიზებულად მოხდეს. სავარაუდოდ, ის ოფიციალურად სექტემბერში, ლეიბორისტული პარტიის ყრილობამდე გადადგება. მანამდე სტარმერი აცხადებდა, რომ საკუთარი სურვილით არ დატოვებდა პოსტს.
ცნობისთვის, ამ კვირაში თემთა პალატის შუალედური არჩევნების შედეგად სტარმერის თანაპარტიელმა, დიდი მანჩესტერის მერმა, ენდი ბერნემმა გაიმარჯვა. მიიჩნევენ, რომ სტარმერი ლეიბორისტული პარტიის ლიდერისა და, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე, შესაძლოა, სწორედ ბერნემმა შეცვალოს.
„ობზერვერის" ინფორმაციით, ბერნემის კანდიდატურას, სულ მცირე, 200 ლეიბორისტი დეპუტატი უჭერს მხარს, რაც პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თითქმის ნახევარია.
პოლიტიკური კრიზისი დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც 7 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. შედეგად ლეიბორისტულმა პარტიამ პირველად დაკარგა კონტროლი უელსის პარლამენტზე. ინგლისის სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოში ლეიბორისტების 1 400-ით ნაკლები წარმომადგენელი მოხვდა, ვიდრე პარტიას მანამდე ჰყავდა. სტარმერმა არჩევნებში მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტების დატოვებაზე უარი განაცხადა.
ავტორ(ებ)ი :