24.06.2026 18:08
ნიუ-იორკის სასამართლომ 19 წლის ჰირამ კარეროს 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახალგაზრდა დამნაშავედ იქნა ცნობილი მას შემდეგ, რაც მან მეტროში მძინარე უსახლკარო კაცს განზრახ ცეცხლი წაუკიდა.
ინციდენტი გამთენიისას, მანჰეტენში მდებარე მეტროს ერთ-ერთ სადგურზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, კარერომ ქაღალდს ცეცხლი წაუკიდა და ის მძინარე, 56 წლის უსახლკარო მამაკაცის სხეულზე დაადო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი დატოვა.
მაშველებმა ხანძრის სწრაფად ლოკალიზება შეძლეს და დაზარალებული მამაკაცი გადაარჩინეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი სიცოცხლის შენარჩუნება მოახერხეს, თუმცა მიღებული დაზიანებები მძიმე აღმოჩნდა და დაზარალებულს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დარჩა.
პროკურატურა კარეროს ქმედებას მკვლელობის მცდელობად აფასებდა და მისთვის 8-წლიანი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ საბოლოოდ მას 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კარერომ დანაშაული აღიარა. მან დაადასტურა, რომ უსახლკარო მამაკაცისთვის ცეცხლის წაკიდება განზრახ ჩაიდინა. პატიმრობის გარდა, სასამართლომ მას სამი წლით ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა და დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა, ჯეი კლეიტონი, განაცხადა, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა „შემაძრწუნებელი, სასტიკი და გაუგონარი დანაშაულია" და მსგავსი ქმედებები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
დაცვის მხარე სასამართლოსგან სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, კარეროს მძიმე ბავშვობა ჰქონდა - დაბადების შემდეგ მშობლებმა მიატოვეს, ხოლო COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მისი სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული მომხდარს გულწრფელად ნანობს, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩადენილი ქმედების განსაკუთრებული სისასტიკიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთა აუცილებელი იყო.
წყარო: "ნიუ-იორკ პოსტი"
ავტორ(ებ)ი :