12:45 29.06.2020
ინდოეთმა ჩინეთის საზღვარზე, ლადაკხის სექტორში სარაკეტო კომპლექსები განალაგა

„ინდოეთმა ჩინეთის საზღვარზე, ლადაკხის სექტორში სარაკეტო კომპლექსები განალაგა“, - ასეთი სათაურითაა გამოქვეყნებული ინდოეთის ინგლისურენოვან გაზეთ „თაიმს ოფ ინდია“-ში («Times of India») სტატია, რომელიც ორ მოსაზღვრე სახელმწიფოს - ინდოეთ-ჩინეთს შორის ურთიერთობებში ბოლო დროს  გამწვავებულ უთანხმოებას ეხება.


„ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ჩინეთთან მომხდარი სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ, ინდოეთმა, ჰიმალაის მთებში, კონკრეტულად კი ლადაკხში, „ხმელეთი-ჰაერის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები დაამონტაჟა. როგორც განცხადებაშია განმარტებული, ინდოეთის არმიამ თავდაცვის სისტემები განათავსა ჩინეთის თვითმფრინავ-გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების შესაძლო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.


როგორ ცნობილია, ინციდენტი ორი ბირთვული სახელმწიფოს - ინდოეთ-ჩინეთის საზღვარზე, ლადაკხის რაიონში, 15 ივნისს მოხდა, რომლის შედეგად, ხელჩართულ შეტაკებაში 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა (საზღვრის ამ მონაკვეთზე მხარეებს ცეცხლმსროლელი იარაღის ტარება და გამოყენება აკრძალული აქვთ, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დადებული შეთანხმების ძალით).


გაზეთ „თაიმს ოფ ინდია“-ს აზრით, ინციდენტი გამოიწვია ჩინური მხარის მიერ მაისის თვეში სადაო მონაკვეთზე სამხედრო მოსამსახურეების (მესაზღვრეების) ქვედანაყოფების შეყვანის ფაქტმა, სადაც მათ კარვები გაშალეს და სამხედრო დანიშნულების ობიექტები ააშენეს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და ინდოეთს შორის 3500 კილომეტრიანი საზღვარი არსებობს და ზოგიერთი მონაკვეთის კუთვნილება დღემდე სადავოა.


წყარო:

https://timesofindia.indiatimes.com/india/india-moves-air-defence-missile-systems-into-eastern-ladakh-sector/articleshow/76661064.cms

 

მოამზადა- სიმონ კილაძემ

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge