13:56 16.09.2020
კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს.


მათივე ცნობით, რეგიონში 209 კმ2 საერთო ფართობის მქონე შიდამასიური ტიპის ღრუბლის მასებმა  დაიწყო ჩამოყალიბება. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის 100 %-იანი ალბათობა იყო.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. მათი განეიტრალება 150 ერთეულამდე რაკეტით მოხერხდა.  


სარაკეტო დამუშავების შედეგად ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა, მცირე რაოდენობის სეტყვის მოსვლა სიღნაღის რაიონში სროლისთვის შეზღუდულ სექტორში დაფიქსირდა.


ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge