11:31 20.11.2020
აშშ-ში ქართული ღვინის ონლაინ-დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ონლაინ-დეგუსტაცია გაიმართა, რომელშიც ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, დეგუსტაციას ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდა. მან ღონისძიების მონაწილეებს ქართულ ღვინო, მისი ისტორია და კულტურა გააცნო. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ონლაინ -დეგუსტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მათთვის წინასწარ გაგზავნილი, განსხვავებული სტილის 6 ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. საქართველოდან დეგუსტაციაში დისტანციური მონაწილეობა მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა („იაგოს ღვინო“) მიიღო.

 

აღნიშნული დეგუსტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო დაფინანსებული, ხოლო ორგანიზება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ ,,Marq Energie Consulting’’ გაუწია.

 

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით აგრძელებს. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge