15:46 13.01.2021
საქართველო არჩევნების შემდეგ: ბიძინა ივანიშვილის მორიგი ფსევდოწასვლა?

ცნობილ გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში Frankfurter Allgemeine Zeitung») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო არჩევნების შემდეგ: ბიძინა ივანიშვილის მორიგი ფსევდოწასვლა?“, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია ქვეყნის მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებაზე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ (ავტორი - ფრიდრიხ შმიდტი).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:


 „ბიძინა ივანიშვილი კოლორიტულ ფიგურას წარმოადგენს - ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკოსად იქცა. იგი ისე დასცქერის ზემოდან ქართულ პოლიტიკას, როგორც მისი ვილა საქართველოს დედაქალაქ თბილისს. ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი მილიარდერია ჯერ კიდევ საკმაოდ ღარიბ სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში. „ფორბსის“ მონაცემების მიხედვით, მისი ქონება 4,8 მილიარდს, ხოლო „ბლუმბერგის“ მონაცემებით - 5,7 მილიარდს შეადგენს, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ერთი მესამედის ტოლფასია.


ცხრა წლის წინათ, როცა ქვეყანაში მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის მიმართ უკმაყოფილება მატულობდა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილება გამოიხატა ახალი პოლიტიკური პროექტის - „ქართული ოცნების“ შექმნაში, რომელიც მილიარდერის ერთგვარ თილისმად იქცა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ ერთი წელიც არ გასულა, რომ იგი სახელმწიფო პოსტიდან გადადგა და მხოლოდ პარტიულ მუშაობაში მონაწილეობდა. თუმცა, როგორც ამბობენ, მილიარდერი მაინც ითვლებოდა საქართველოს არაოფიციალურ ლიდერად და თავის აზრებს სატელევიზიო ინტერვიუებით გამოხატავდა, ტონს აძლევდა ქართულ საზოგადოებას. საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილს მაინც მოუწია ღიად დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე და არა მთავრობაში.


ორშაბათს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მისია შესრულებულია“ - მას მხედველობაში ჰქონდა როგორც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მესამედ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, ასევე ოპოზიციისა და მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მარცხი, ქვეყნის წარმატებული ინტეგრირების პროცესი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.


მართვა კულისებიდან?


თუმცა მილიარდერმა ღია წერილში იმაზეც მიანიშნა, თუ რა მოტივაციამ გამოიწვია მისი პოლიტიკიდან წასვლა: საქართველო ბოლო დროს მუდმივ შიდაპოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რომელიც მნიშვნელოვანწილად პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დომინირებით არის გამოწვეული. ამჟამად ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის საქმიანობას, მისი დეპუტატები არ მონაწილეობენ სხდომებში, არჩევნების შედეგებს გაყალბებულად თვლიან და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. საკანონმდებლო ორგანო ფაქტიურად ერთპარტიულია. დასავლეთის ქვეყნების ელჩები არაერთხელ ცდილობდნენ შუამავლობას დაპირისპირებულ ბანაკებს შორის, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. ოპოზიციისა და ხელისუფლების ბრძოლის ფრონტი აშკარად გამძაფრებულია. როგორც ბიძინა ივანიშვილი წერს თავის ღია წერილში, იგი იმედოვნებს, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლით ოპოზიცია მივა იმ დასკვნამდე, რომ თავიანთი მოქმედებით ისინი საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. „რაც დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია“, - სინანულით აღნიშნავს ექს-პრემიერ-მინისტრი და პარტიის ექს-ლიდერი.


ქართული მასმედია ცდილობს იმის გარკვევას, თუ ვინ გახდება ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე პარტიის ხელმძღვანელობაში. ამასთან, აშკარაა, რომ ავტორიტეტის მიხედვით, მას დღევანდელი პარტიული ლიდერებიდან ვერავინ შეედრება. პარალელურად, ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად არ წავა“ და მთავრობის მართვას „ძაფების მეშვეობით“ კულისებიდან გააგრძელებს. ასეთი თვალსაზრისი აქვს ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერს რომან გოცირიძეს. გიგი უგულავამ კი, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან იმიტომ გაიქცა, ქვეყანაში გამეფებულ კრიზისზე პასუხიმგებლობისა შეეშინდაო.


საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამჟამად საქართველო ძალიან არის დაზარალებული კორონავირუსის პანდემიის შედეგებით. ორი დღის წინ მთავრობამ თებერვლამდე გააგრძელა ანტიკოვიდური შეზღუდვები, რომლებიც ღამის კომენდანტის საათით და სხვა საკმაოდ მკაცრი ზომებით გამოიხატება.


წყარო: https://www.faz.net/aktuell/politik/ausland/streit-um-rueckzug-von-georgiens-wahlsieger-iwanischwili-17140772.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი