16:40 13.01.2021
უცხოური პრესა - ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინის წინადადება ომის შეწყვეტაზე არ გაგვიმხილა

სომხური ტელეკომპანია „მეხუთე არხის“  («5-րդ ալիք / 5 TV») ეთერში გადაიცა ინტერვიუ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის  მოვალეობის ყოფილ შემსრულებელთან მიქაელ ამბარცუმიანთან, რომელმაც ჟურნალისტ აგნესა ხამოიანთან ისაუბრა მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციაზე, შეაფასა როგორც ომის წინ არსებული ვითარება, ისე ომის დროს მომხდარი მოვლენები და ომისშემდგომი მდგომარეობა. ინტერვიუ გამოქვეყნდა სათაურით „ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინის წინადადება ომის შეწყვეტაზე არ გაგვიმხილა“.


როგორც მიქაელ ამბარცუმიანი ამბობს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ნიკოლ ფაშინიანს ყოველდღიურად აწვდიდა ანალიტიკურ ინფორმაციას, რომელსაც უწყება ამზადებდა როგორც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის, ასევე საკუთარი დახურული ოპერატიული წყაროების საფუძველზე: „ჩვენ ჯერ კიდევ ზაფხულში მივაწოდეთ ინფორმაცია ნიკოლ ფაშინიანს, რომ აზერბაიჯანი თურქულ დრონებს - „ბაირახტარებს“ იმარაგებდა“, - ამბობს ინტერვიუში ყოფილი მაღალჩინოსანი.


მიქაელ ამბარცუმიანის თქმით, „არასწორია ის შთაბეჭდილება, რომ ჩვენ რეგიონში თითქოსდა მარტო დავრჩით. ჩვენი მეზობლები - საქართველო და ირანი სომხეთს, სომეხ ხალხს ძალიან აფასებენ და უყვართ, განსაკუთრებით რუსეთს. ეს განპირობებული არ არის არც ნიკოლ ფაშინიანით და არც ყოფილი პრეზიდენტით. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ქვეყნებში კარგად იციან - სომხები შემოქმედებითი ხალხია და საფრთხეს არავის უქმნიან. ის რაც ჩვენთვის რუსეთმა გააკეთა, სომხებმა არასდროს არ უნდა დაივიწყონ, სადაც არ უნდა იყონ ისინი - ამერიკაში, ევროპაში თუ ავსტრალიაში. ამას მე ვამბობ ადამიანი, რომელმაც კარგად ვიცი სიტუაცია. რომ არა რუსეთის დახმარება, შედეგები უფრო ცუდი იქნებოდა. რაც შეეხება საქართველოს და ირანს, ამ ქვეყნებმა სწორი და დაბალანსებული დამოკიდებულება გამოხატეს. არ უნდა დავივიწყოთ საფრანგეთის პოზიციაც. არის ფაქტები, რომლის გახმიანება არ შემიძლია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სომხეთის მიმართ აწონილ-დაწონილი და დადებითი მიდგომა გამოიხატა“.


წყაროები: https://news.am/rus/news/623010.html // https://www.5tv.am/ru/news/political

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი