13:52 22.02.2021
შეეცადეთ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოთ - ქართველი სოპრანო სოფიო გორდელაძე

საოპერო მომღერალი, სოპრანო, ჟენევის, ჩიკაგოს, ბერნის, გენუის, ლისაბონის, სეულის, ზალცბურგის, თბილისის საოპერო თეატრების მოწვეული სოლისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ვექსფორდის და ტიროლის საერთაშორისო ფესტივალების მოწვეული სოლისტი - ასეთი გამოიყურება ცნობილი ქართველი სოპრანოს, სოფიო გორდელაძის რეგალიეები.


როგორი იყო ქართველი სოპრანოს გზა წარმატებისკენ და რას გეგმავს მომავალში, - ამ საკითხებზე,  „ჯორჯიან თაიმსს“  სოფიო გორდელაძე ესაუბრა.

                           


-       ქალბატონო სოფიო, პირველად როდის დაინტერესდით მუსიკით და როგორი იყო თქვენი შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისი?

 

-       მუსიკით  ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ოჯახში, დედა მუსიკოსია.  მამა - ექიმი იყო, მაგრამ მელომანი. როცა გავიზარდე, ვსწავლობდი  ფორტეპიანოს, სიმღერას. სწავლა ნიჭიერთა ათწლედში გავაგრძელე. ამას მოჰყვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლა, ჯერ საფორტეპიანო, შემდეგ კი - ვოკალურ ფაკულტეტზე. რაც შეეხება სიმღერას, ის ჩემს ცხოვრებას  მუდმივად გასდევს. საკუთარ თავს ყოველთვის მომღერლად ვხედავდი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, სწავლა იტალიაში , ძალიან ცნობილი მომღერლის, - მირელა ფრენის აკადემიაში გავაგრძელე. სწავლის პარალელურად, ბევრი საერთაშორისო კონკურსი მოვიგე და  ნელ-ნელა თეატრებიდან შემოთავაზებებიც გაჩნდა.  ევროპაში ჩემი დებიუტი 2010 წელს შედგა. ეს იყო ავსტრიაში, ვერდის ოპერა "ტრავიატა", სადაც მთავარი როლი შევასრულე.


-      წლების განმავლობაში  საზღვარგარეთ მოღვაწეობდით. რამდენად რთული იყო საერთაშოროსო ასპარეზზე თავის დამკვიდრება?

 

-        რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ზოგადად,  როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ და წინასწარ არ გაქვს გარკვეული, - სად იქნები, სად იცხოვრებ, არ იცნობ არავის, ელემენტარულად, საყოფაცხოვრებო სირთულეებსაც აწყდები. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია თავის დამკვიდრება, როგორც ფიზიკურად, ასევე, შემოქმედებითი კუთხითაც. ჩემს შემთხვევაშიც, ეს მარტივი არ ყოფილა; ამისთვის ძალიან ბევრი წელი და შრომა დამჭირდა. რაც შემიძლია ჩემი გამოცდილებით გითხრათ, არის ის, რომ მიუხედავად პერიოდული მარცხისა, უნდა ადგე და შენი საქმის კეთება დიდი სიყვარულით  გააგრძელო.

 

-        როგორ ფიქრობთ, საქართველოში რომ ყოფილიყავით,  რა შეიცვლებოდა თქვენს კარიერაში?

 

-        ყველა შემთხვევაში, შევეცდებოდი, რომ კარიერა საზღვარგარეთაც მქონოდა. თუნდაც, გასტროლების სახით. დღესდღეობით, უფრო მეტად გახსნილია ურთიერთობები, მეტი კონტაქტები არსებობს. ვფიქრობ, რაღაც მომენტში მაინც შევეცდებოდი ქვეყნის გარეთ  წასვლას.

ხოლო თუ მაინც საქართველოში დავრჩებოდი, ალბათ, უფრო აქტიური,   საოპერო  თეატრში ვიქნებოდი.

 

 

-        როგორი იყო თქვენი დებიუტი საქართველოში?

 

ჩემი დებიუტი, საქართველოში, ოპერაში, 2011 წელს შედგა. 2010-2011 წლებში, აქტიურად ვთანამშრომლობდი ოპერასთან. ჩვენი სპექტაკლები რუსთაველის თეატრის დარბაზში მიმდინარეობდა.  მაშინ დაიდგა "მითრიდატე-პონტოს მეფე", რაშიც პირველად მივიღე მონაწილეობა.

2019 წელს,  ბატონი ბადრი მაისურაძისა და თბილისის ოპერის თეატრის  მოწვევით, ჯუზეპე ვერდის "ტრავიატაში" ვიოლეტას პარტია ვიმღერე. ეს ჩემთვის როგორც სასიხარულო, ასევე, საპასუხისმგებლო საქმე იყო.

 

-        რამდენად არიან დაინტერესებულნი ევროპაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები  ცნობილი ქართველი სოპრანოს შემოქმედებით?

 

-        ყოველთვის, როდესაც ახალ ქვეყანაში ჩავდივარ და იქ სპექტაკლები მაქვს, ვცდილობ, საქართველოს საელჩოს მეშვეობით, ქართულ დიასპორას შევეხმიანო, რათა, თუ სურვილი ექნებათ,  სპექტაკლებზე მოვიდნენ.  ამ მხრივ, რამდენიმეჯერ, საელჩომ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს. მაგალითად, რაღაც პერიოდი, ჟენევის თეატრში ვმუშაობდი, სადაც, ჩემს სპექტაკლებზე,  საელჩოდანაც მოდიოდნენ და ასევე,  იქ მცხოვრებ ქართველებსაც ეპატიჟებოდნენ. უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ  ჩიკაგოს ოპერაში ყოფნისას, შესანიშნავი ადამიანები გავიცანი. შვეიცარიაში, ქართული დიასპორიდანაც არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, როდესაც უცხოეთში, ჩვენი თანამემამულეები ქართველი მომღერლის შესახებ გებულობენ.

 

-        როგორ ფიქრობთ, შეძელით თუ არა კარიერაში მაქსიმალურის მიღწევა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

 ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელი დამოუკიდებლად. საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე და ჩემი ადგილი დავიმკვიდრე. ძალიან ბევრ საინტერესო თეატრში ვიმღერე, მრავალ პროექტში  მონაწილეობა მივიღე. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი დამრჩა გასაკეთებელი და სულმოუთქმელად ველოდები, როდესაც იქნება შესაძლებლობა, რომ ჩემი საყვარელი საქმის კეთება გავაგრძელო. დღევანდელ სიტუაციაში ძალიან რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ჩემი პროექტების უმრავლესობა, სამწუხაროდ,  გადადებულია ან გაუქმებული.

 

 ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, ესაა: ირლანდიაში, ვექსფორდის საერთაშორისო საოპერო ფესტივალზე შემოდგომაზე უნდა ვიმღერო, ასევე, გერმანიაში ჰენდელის "ალჩინაშიალჩინას  პარტია უნდა შევასრულო. ამის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი გავხდი და სადოქტორო დისერტაციაზე ვმუშაობ.

 

-        როგორც გამოცდილი სოპრანო, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ სფეროში მოღვაწეობას?

 

-        ვფიქრობ, რომ ეს ისეთი საქმეა, თუ უკიდურესი მოთხოვნილება გაქვს და მის გარეშე არ შეგიძლია, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა აკეთო. ეს იმდენად ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული  და ბევრ მსხვერპლს მოითხოვს, რომ მის გარეშე არ უნდა შეგეძლოს ცხოვრება. საქმეც არ არის, ეს ცხოვრების სტილია. საკუთარი საქმისადმი ერთგულებას ვურჩევდი და ასევე, ყოველთვის იმის ძიებას, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები იყვნენ.

 

 

-        დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. გისურვებთ კიდევ უფრო ბევრ წარმატებას!

 

-        მადლობა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge