14:29 01.04.2021
ხელოვანთა მობილობის მხარდასაჭერად კონკურსი ცხადდება

დაფინანსების მოპოვების უნიკალური შესაძლებლობა მუსიკისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლებისათვის!

 

„თუ ხართ ხელოვანი, მუშაობთ მუსიკის, ან კულტურული მემკვიდრეობის  სფეროში, დაინტერესებული ხართ უცხოელ ხელოვანებთან თანამშრომლობით,  საერთაშორისო ვორკშოპებში მონაწილეობით, ან გსურთ საკუთარი პროექტის ქვეყნის გარეთ პოპულარიზაცია, 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით, გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ხელოვანთა მობილობის კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება,“-  ინფორმაციას ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ „საქართველოს დესკი“ ავრცელებს.


კონკურსი ევროკავშირის პროგრამის - "შემოქმედებითი ევროპის" მიერ დაფინანსებული პროექტის - i-Portunus ფარგლებში გამოცხადდა. მას ორგანიზებას  უწევენ: გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და კულტურული ინიციატივების პლატფორმა „იზოლაცია“.


კონკურსის მიზანი ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირება და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაა. პროექტი გულისხმობს როგორც ხელოვანთა ფიზიკურ მობილობას (სხვა ქვეყანაში ვიზიტს სხვადასხვა ვორკშოფებში, კონფერენციებში მონაწილეობის მიზნით და სხვ.), ასევე, რიგ შემთხვევებში ვირტუალური ან შერეული მობილობის ფორმებს.


მობილობა „შემოქმედებითი ევროპის“ 41 წევრ ქვეყანაში განხორციელდება.

 

„შემოქმედებითი ევროპის“ დაფინანსებით პროექტის - i-Portunus ფარგლებში კონკურსი ხელოვანთა მხარდასაჭერად 2019 წლიდან ტარდება და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიმართულებით ცხადდება. 2021 წელს, კონკურსის მთავარი თემა მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობაა.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ასევე დამოუკიდებელ ხელოვანს „შემოქმედებითი ევროპის“ მონაწილე ნებისმიერი ქვეყნიდან. მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა.


კონკურსის პირობებისა და განაცხადის ფორმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:i-Portunus (i-portunus.eu)


განაცხადების მიღების ბოლო ვადა  2021 წლის 15 აპრილია.


 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge