14:45 06.04.2021
რუსთავის თეატრმა პოსტ-პანდემიურ სეზონი ვაჟა ფშაველას ,,სტუმარ-მასპინლით“ გახსნა

4 აპრილს 18.00 სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა სეზონი  ვაჟა ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძლით“ გახსნა,  რომელიც მსოფლიო პანდემიის გამო თითქმის ერთი წელია არ განახლებულა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი  და ინსცენირების ავტორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა, მხატვარი ბარბარე ასლამაზაშვილი, კომპოზიტორი გოგიტა მაისურაძე.

 

ვაჟას აქტუალობაზე საუბარი ზედმეტია! მისი თითოეული ნაწარმოების სცენაზე გადმოტანა მარტივი არა, თუმცა მაყურებლამდე მისი მიტანა სირთულეს მაინც არ წარმოადგენს. მითუმეტეს ისეთი პოემისა, როგორიც ,,სტუმარ-მასპინძელია“. პანდემიამ კიდევ უფრო დაგვანახა, როგორი მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის ფიზიკური სიახლოვე და რომ ყველაზე მეტად სწორედ ,,სტუმარ-მასპინძლობის“ ხიბლი აკლდა ჩვენს სტრესულ განწყობას. ერთმანეთთან მიუსვლელობამ კიდევ უფრო მეტად გაამუქა ჩვენი ყოფა.  თუმცა, ვაჟა ამ პოემაში მხოლოდ სტუმარ-მასპინძლობის კულტზე არ გვიყვება.  არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი შეინარჩუნო ღირსება.  სწორედ ღირსეულ ქმედებებზე დამყარებით მოდის წარმატებაც. ხოდა, ამიტომაც იბრძვის ჯოყოლა მისი ,,მტერი“ სტუმრის გადარჩენისთვის და  არ ანებებს თემს მის თავს... როგორ შეიძლება გადმოიტანო 21-ე საუკუნეში, მე-19 საუკუნის ეპოქის ნაწარმოები, ისე რომ არ დაკარგო არც ავთენტური სახე და თან აჩვენო მისი აქტუალურობა დღესაც, ამის ნათელ მაგალითს რუსთაველი მაყურებელი თავად იხილავს. ვაჟას გმირებს, სპექტაკლში ,,სტუმარ-მასპინძელი“ რუსთავის თეატრის მსახიობები : ვაკო კობერიძე, ნიკა ჩხაიძე, არჩილ მაკალათია, ზურაბ ფიროსმანაშვილი, ირაკლი ბექაია, ანა შარვაძე, ნათია მელაძე, სოფიკო ჩხიტუნიძე, ეკა ქვრივიშვილი, ლეონტი შიოშვილი, გიორგი ტოჩილაშვილი, ლუკა ციხისთავი, რეზო კოღოშვილი, და ზაზა თაგოშვილი გააცოცხლებენ.

 


მომავალი საპრემიერო წარმოდგენები რეგულაციების სრული დაცვით  8 და 10 აპრილს, 18.00 სთ-ზე გაიმართება.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge