13:12 03.05.2021
"ვაშინგტონის კონსენსუსიდან" ახალ რეგიონალურ პოლიტიკამდე

ჩვენთან წლების განმავლობაში ეკონომიკური პარადიგმა ეყრდნობოდა ე.წ „ვაშინგტონის კონსენსუს“, რაც გულისხმობს, ეკონომიკური ზრდის წამყვან ფაქტორად, მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე აგებულ, მსხვილი ინფარასტრუქტურული პროექტების განხორციელებით და კერძო ინვესტიციების შემოდინების მხარდაჭერილ ეკონომიკურ პოლიტიკას. თუმცა, ამ მიდგომების მთავარი ნაკლი ის იყო, რომ ეს მოდელი უარყოფდა „ინდუსტრიულ პოლიტიკას“ როგორც ასეთს და მთელი აქცენტები საგარეო ვაჭრობის და მომსახურების სექტორების სტიმულირებაზე იყო აგებული, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"ვაშინგტონის კონსესუსმა“ , როგორც ლიბერალური ეკონომიკის პოსტულატმა, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გლობალურად მაინც ვერ უზრუნველყო სიღარიბის შემცირება და დასაქმების ზრდა. უთანასწორობა, მთელ მსოფლიოში არა თუ შემცირდა, არამედ გაიზრდა კიდეც, რაც პირველ რიგში ხელს უშლიდა გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს წარმატებული აღმოჩნდა ნაკლებ დემოკრატიულ და ავტორიტარიზმისაკენ გადახრილ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ჰონკონგი და, ჩინეთი, ასევე თურქეთი და ჩილე.


2007 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, მით უმეტეს, კოვიდ პანდემიის პერიოდში, მიწოდების ჯაჭვების შოკის შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სულ უფრო მეტად იხრებიან შედარებით თვითკმარი ეკონომიკური მოდელებისაკენ და „ ინკლუზიური ზრდის“ პარადიგმისაკენ და აქ სერიოზული შანსიც ჩნდება ჩვენთვისაც. მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად ინკლუზიურმა ზრდამ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება არა გადანაწილების პოლიტიკით, არამედ მათი უშუალო ჩართულობით ეკონომიკურ აქტივობაში. ეს პირველ რიგში სოციალური დახმარებების ნაწილს ეხება, რაც გარდა ბიუჯეტზე ზეწოლის პერმანენტული ზრდისა, ეკონომიკურ სტიმულირებას და შესაბამისად, აქტივობასაც ანელებს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც თვითდასაქმებულთა რიცხვი ისედაც დიდია.


საერთაშორისო გამოცდილება ასევე ცხადყოფს, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა დიდწილადაა დამოკიდებული ცენტრიდან ეკონომიკური აქტივობის რეგიონულ გადანაწილებაზე. დღეს არსებულ, ე.წ თავკომბალის მოდელზე აგებულ ეკონომიკას განვითარების შეზღუდული შესაძლობები გააჩნია.


სწორედ რეგიონული განვითარება რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად . საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტი დედაქალაქშია კონცენტრირებული და საერთო ეროვნული პროდუქტის ნახევარზე მეტი თბილისში იქმნება. ძალზე დაბალია თუნდაც აჭარის და იმერეთის ხვედრითი წილი, რაც 8 პროცენტს არ აღემატება, სხვა რეგიონებზე, რომ აღარაფერი ითქვას. ამ დროს თუნდაც ევროკავშირში რეგიონული განვითარება განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთო ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.


რეგიონული განვითარების პოლიტიკის სწორად დაგეგმვისა და განხორციელების უპირატესობად შეიძლება განვიხილოთ ამა თუ იმ რეგიონის შედარებითი უპირატესობის და მისი სპეციფიკის გაცილებით უკეთესი გამოყენება. ამასთან ერთად, უნდა დაჩქარდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომი მოწესრიგება და განვითარება, რაც რეგიონებს შორის არსებული არათანაბარი განვითარების შემცირების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების ერთ-ერთი მთავარ წინაპირობადაც უნდა მივიჩნიოთ, მით უმეტეს რეგიონებში ევროკავშირის ჩართულობით არაერთი პროექტი ხორციელდება.


რაც მთავარია ჩვენ გვჭირდება ახალი რეგიონალური პოლიტიკა, თანმიმდევრული დეცენტრალიზაციით და სუბნაციონალური ერთეულების როლის ზრდით, როგორც ბიუჯეტირების ნაწილში, ისე ადგილობრივი რესურსების გაცილებით ფართო გამოყენებით ეკონომიკური პროცესების სტიმულირებისათვის.


მიუხედავად, იმისა, რომ ბოლო წლებში ხელისუფლება გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს რეგიონებს და იქ ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, საგრძნობი გარღვევა თუ აგრო სექტორის ნაწილს და ისიც ნაკლებ ინდუსტრიულ კომპონენტს არ მივიღებთ მხედველობაში, ჯერ მაინც არ მომხდარა, ხოლო მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად მხოლოდ სოციალური დახმარებები არ არის საკმარისი.


ჩვენ გვჭირდება რეგიონების განვითარების და ამ რეგიონების სპეციფიკაზე მორგებული ისეთი სტრატეგია, სადაც კარგად იქნება გაანალიზებული თუ რა სფეროებს და წარმოების რა ნაწილში იქნება სახელმწიფოს მხარდაჭერა ეფექტის მომცემი. უფრო ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული საკრედიტო-საგარანტიო სქემები, სოფლის მეუტნეობის განვითარების სააგენტოს და "აწარმოე საქართველოს" ინდუსტრიული კომპონენტის გაძლიერებით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ბევრი განვითარევადი ქვეყნის მაგალითი იძლევა შესაძლებლობას, საბანკო კრედიტზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ტექნოლოგიების და ცოდნის გადადინებით იმოქმედოს ეკონომიკურ აქტივობაზეც, რაც ზრდის კომპანიების მოგებას და დასაქმებასაც, მათ შორის. შორს, რომ არ წავიდეთ ამის კარგი მაგალითია არა მხოლოდ ჩილე, არამედ თურქეთის ეკონომიკური აღმავლობაც ბოლო ათწლეულში, ხოლო სამხრეთ კორეაში ახალ ტექნოლოგიებზე ბაზირებული მცირე და საშუალო საწარმოების მხადასაჭერად საკრედიტო საგარანტიო სქემებზე, 100 მილიარდ აშშ დოლარამდე იქნა გამოყოფილი კორეის ტექნოლოგიური ფინანსური კირპორაციის მხრიდან, რაც კორეული სასწაულის ერთ -ერთ ფუნდამენტადაც იქცა.


ქვეყანას მემარჯვენე-ცენტრისტული პლათფორმა ესაჭიროება, რომელიც ბიზნესისა და სახელმწიფოს საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობაზე იქნება ორიენტირებული, და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ან ჯანდაცვის პროექტების ნაწილში", - წერს გიორგი ცუცქირიძე, 




ავტორ(ებ)ი :