ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის დღეს ისტორიის, იმედისა და განახლების დღე უწოდა. „ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა. ეს ისტორიის, იმედის, განახლებისა და სიმტკიცის დღეა. დემოკრატიამ გაიმარჯვა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ საჭირო იქნება ერის გაერთიანება და გამოწვევების გადალახვა. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მათ, ვინც არჩევნებში მას მხარი არ დაუჭირა, მას შანსი მისცენ.
„თუ საზოგადოებაში არსებულ დაყოფას არ გადავლახავთ, ქაოსი გვექნება. აშშ-ის საზოგადოების დაყოფის მიზეზები ძლიერია, თუმცა ახალი არ არის. ჩვენი მისწრაფება თანასწორობა და ერთიანობა უნდა იყოს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ესწრება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge