ეკონომიკის ექსპერტი,გიორგი ცუცქირიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"9 აპრილი მიზანმიმართულად იყო გლოვის დღედ გამოცხადებული შევარდნაძის და წითელი პუტჩისტების მხრიდან, რათა ზვიად გამსახურდიას მიერ ამ დღეს სპეციალურად დამთხვეული დამოუკიდებლობის დღე გადაეფარათ. ამასთან, სიმბოლურადაც მათთვის ეს იყო, გლოვა საბჭოური პრივილეგიების დაკარგვისაც, და სწორედ ეს გარემოება გახდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე თვეში სახელმწიფო გადატრიალების მთავარი ფაქტორი, რაც წითელმა პარტნომენკლატურამ გენერალ ბეპაევის რუსული საჯარისო ნაწილების მხარდაჭერით დეკემბერში, ხოლო ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია ერთი წლის შემდეგ ადმირალ ბალტინის ჯარების შემოსევით განახორციელა, და დღესაც საფანჩანტურეთის რიგები სავსეა ამ ღალატში მონაწილე ნაცების, ევსაქების თუ ლელოს სახით. ნუ ნინო ბურჯანაძეზე და შალვა ნათელაშვილზე არც არაფერია დასამატებელი.
საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი არის პირველ რიგში დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ბუნებრივია, ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან გენერალ როდიონოვის ჯალათების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი ქართველი პატრიოტების ხსოვნის დღეც არის. მაგრამ ვერც ამან იხსნა ნგრევისაგან საბჭოთა იმპერია, პირიქით, ამ სადამსჯელო ოპერაციებმა თბილისის შემდეგ ვილნიუსში მისი როგორც "ხალხთა საპყრობილის" დასასრული კიდევ უფრო დააჩქარა.
ზვიად გამსახურდიამ შეგნებულად აირჩია დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილი როდესაც თავის ისტორიულ სიტყვაში ცხადად მიანიშნა, რომ სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი: " 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა" და ამითაც ხაზი გაუსვა ქართველი პატრიოტების თითქმის ორსაუკუნოვან ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.
აქედან გამომდინარე, 9 აპრილი არის დამოუკიდებლობის დღე, და ახლა ამ დღის დუმილით აღნიშვნა არ მიმაჩნია სწორად, რადგან ეს დღე არის არა მხოლოდ ერთობის, არამედ ჩვენი ხმამაღალი განაცხადის და სიხარულის დღე.
გლოვა და მდუმარებაც დავუტოვოთ წარსულს და მომავალი აღვნიშნოთ არა წარსულზე გოდებით, არამედ თანამედროვე გამოწვევებზე თვალის გასწორებით და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებით.
ამ ოცდაათწლიანი გადასახედიდან დღესაც წინასწარმეტყველურია გალაქტიონის ლექსი "ელეგია", რომელიც 1922 წელს წითელი ტერორის დროსაა დაწერილი, მომავლის გადასარჩენად.
" მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები,
კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი,
უკვე დაიღუპა ყველა შენდარები,
შენდა დაგშთენია გამოსათხოვარი"
9 აპრილი კი არა ევროპის მოედანზე, არამედ პარლამენტის წინ უნდა აღინიშნოს, რადგან მემორიალიც პარლამენტის წინ რუსთაველზეა.
და ეს პოლარიზაციაც უნდა დასრულდეს, ქვეყანა სხვანაირად ვერ განვითარდება, გაბოროტებულ და დაპირისპირებულ ხალხს, არსად სახელმწიფო არ აუშენებია! ამის მაგალითია თუნდაც თავის დროზე მუსოლინისტური იტალია და ფრანკისტური ესპანეთი, სადაც საზოგადოებრივი პოლარიზაცია გაცილებით მაღალი იყო და მხოლოდ საზიგადოებრივი კონსენსუსით იქცნენ წარმატებულ ქვეყნებად. დასავლური მედიაციის მოწოდებაც ამიტომ არის საერთო ეროვნული კონსენსუსისაკენ მიმართული", - წერს ცუცქურიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge