დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"სააკაშვილმა პოლიტიკური წერა-კითხვის საზოგადოების დაარსება გადაწყვიტა და ლიდერობა შალვა ნათელაშვილს გადაულოცა" 12.02.2020 15:37

ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ამომრჩევლებისთვის ძალიან საინტერესო კონფიგურაცია გაჩნდა – ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ამოცანა, შეინარჩუნოს ხელისუფლება, მეორე მხარეს კი, პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ოცნებაა ხელისუფლებაში დაბრუნება, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ეს სურათი ნათელია. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ამოცანა, შეინარჩუნოს ხელისუფლება და მეორე მხარეს პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ოცნებაა ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს გაერთიანება შედგება იმ ადამიანებით, რომელთაგან თითქმის ყველა, ადრე სხვადასხვა ფორმით ხელისუფლებაში ნამყოფი არიან და დაუოკებელი წყურვილი აქვთ უკან დაბრუნების. ეს ძალიან საინტერესო სურათია, ძალიან გაუადვილებს ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებას, რადგან ორი კონკრეტული გუნდია, რომელიც ეპაექრება ერთმანეთს. მოხდა ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ პოლიტიკურ გზავნილში განაცხადა, ეს მისი ამოცანა იყო და ეს ამოცანა შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს. მე ვგულისხმობ შუის გაკრეფას. შუა გაკრეფილია, ფაქტობრივად აღარ არსებობს. გამოცხადდა იმის შესახებ, რომ პრაქტიკულად მაჟორიტარებზე შეთანხმდნენ. ეს ალბათ წინაპირობაა იმისა, რომ ადამიანებს, რომლებიც შავი სიის გარშემო არიან შეკრებილი და საკუთარ თავს ოპოზიციურ გაერთიანებას უწოდებენ, პარტიული სიაც ერთიანი ექნებათ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

მისივე თქმით, შუა რგოლის გაკრეფვა ამომრჩევლებისთვის კარგია, რადგან იმედი გაჩნდა, რომ ამ გაკრეფილ ადგილს ადრე თუ გვიან შეავსებს ახალი პოლიტიკური ძალა.

 

„ვფიქრობ, 2024 წლის არჩევნებისთვის უფრო ჩამოყალიბდება ახალი ძალა, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული იმ პოლიტიკურ ჭაობთან, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ უკვე 20-30 წელიწადია. იმედია, ახალგაზრდები იპოვიან თავის თავში სურვილსაც და პოლიტიკურ სიმწიფესაც, რათა ასეთი გაერთიანება შედგეს. მაშინ მივიღებთ კლასიკური დემოკრატიის მოდელს, როდესაც ორი, სამი, მაქსიმუმ ოთხი პარტია იბრძვის ხელისუფლებისთვის და ეს იქნება ყველაზე კარგი წინაპირობა პროპორციული არჩევნებისთვის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

მისივე თქმით, ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველო პროპორციული არჩევნებისთვის მზად არ არის, რადგან პროპორციული არჩევნები გულისხმობს მყარი პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობას და მათ პაექრობას, ასეთი რამ კი ჯერ არ არის.

 

„საინტერესო სიახლეა ახალ პოლიტიკურ გუნდში. ეს არის ლიდერის ცვლა. სააკაშვილმა პოლიტიკური წერა-კითხვის საზოგადოების დაარსება გადაწყვიტა და ბიბლიოთეკაში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას. ლიდერობის გადალოცვა ნათელაშვილისთვის არის ძალიან მკაფიო და ცალსახა. ამ გაერთიანების უპირობო ლიდერი დღეს არის ნათელაშვილი. ეს სიმბოლურიცაა, რადგან როდესაც სააკაშვილი იწყებდა პოლიტიკურ კარიერას, ნათელაშვილმა მას დაუთმო ლიდერის ადგილი. საკრებულოში ნათელაშვილმა გაიმარჯვა, ეს ადგილი კი, დაუთმო სააკაშვილს. სააკაშვილის პოლიტიკური აღზევება მაშინ დაიწყო. ეტყობა, პოლიტიკური ვალის უკან დაბრუნება განაპირობებს იმას, რომ მათ შორის ურთიერთობები კეთილგანწყობილი და მშვიდი იქნება. ბოლო დღეების მოვლენები და ის, რომ „ლეიბორისტული პარტია“ გახდა ცენტრი ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებისა, მეტყველებს იმაზე, რომ ნათელაშვილი ლიდერია, მას აქვს  პოლიტიკური საქმიანობის დიდი გამოცდილება და სტაჟი. მის გარშემო გუნდი ცნობილი პოლიტიკური სახეებით არის დაკომპლექტებული: ბურჯანაძე, უსუფაშვილი, ბოკერია, ბაქრაძე, ახალგაზრდა, მაგრამ ჟინით სავსე გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე. ეს მეტყველებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი არ იქნება ბრძოლა, რადგან ეს ადამიანები ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოცდილი მებრძოლები არიან. მათი ერთად ყოფნა ძალიან პოზიტიურია ქართველი ამომრჩევლისთვის, რადგან ძალიან მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება. არის ორი ძალა – აქ ან იქ. ამ ორი ძალის პოლიტიკურ გემოვნებას განაპირობებს უგულავა, დამოკიდებულება უგულავასადმი. ერთი ბანაკი და ერთი გუნდი მიიჩნევს, რომ უგულავა არის კრიმინალი, ხაზინის ქურდი და ადამიანი, რომელმაც ბოროტად გამოიყენა ხელისუფლება, ამის არგუმენტები და სასამართლო გადაწყვეტილება აქვს. მეორე გუნდი მიიჩნევს, რომ უგულავა არის პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური პატიმარი. არა მარტო უგულავა, არამედ ჟორიკა რურუაც პოლიტიკური და სინდისის პატიმარია. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის, როგორც ამომრჩევლებისთვის, აქაც მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება, რომელ პოლიტიკურ გემოვნებას მივემხრობით, რომელსაც გიგი უგულავას და ჟორიკა რურუას მიიჩნევს პოლიტპატიმრებად, თუ მათ, ვინც ამ ადამიანებს მიიჩნევენ კრიმინალებად და ხაზინის ქურდებად“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ