არც არასდროს გვიფიქრია, რომ რომელიმე პარტიას, მითუმეტეს ჩვენ ამომრჩევლის 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა გვქონოდა და გვეფიქრა მთავრობის დაკომპლექტებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მმართველ პარტიაში არც უფიქრიათ, რომ ამომრჩევლის 40%-ზე ნაკლებ ხმებს მიიღებდნენ, გაცილებით მეტს გეგმავენ და ამ პრინციპზე შეთანხმება შედგება.
„წარმოუდგენელია, ეს არც არავის არ უთქვამს და ჩვენ არა თუ 40%-ის ფარგლებში, არამედ 50%-ზე მეტის მიღებას ვგეგმავთ. აქედან გამომდინარე ეს ჩვენთან დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, მაგრამ რადგან ოპონენტები ამბობენ, რომ 40%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს პრეტენზია დააკომპლექტოს მთავრობა, კი ბატონო, ჩვენ დაუფიქრებლად ფაქტიურად ამაზე ვთანხმდებით და ვეუბნებით კი ბატონო, ჩვენ შევქმნათ ისეთი მოდელი ნებისმიერი კონფიგურაციით, რომელიც გამორიცხავს 40%ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას და ეს მოვარგოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს. ასეთი დათქმები შესაბამისად ჩავდოთ და ვილაპარაკოთ ნებისმიერი მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ამაზე შეუთანხმებლობა უპასუხისმგებლობაა ნებისმიერი მხრიდან, ამაზე შეუთანხმებლობა არის უპასუხისმგებლობა, რადგან აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ წარმოდგენა თითქოს 40%ის ფარგლებში აპირებს ვინმე და 37 და 36 პროცენტებით აპირებს ვინმე მთავრობის დაკომპლექტებას. ასეთი რამ არც გვიფიქრია, ჩვენ გაცილებით მეტს ვგეგმავთ და ვფიქრობ, ამ პრინციპზე შეთანხმება შედგება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge