დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"არსებული, დამრთგუნველი საინფორმაციო პოლიტიკა, როცა არაფერი შუქდება მკვლელობების, ძალადობის, ნეგატივის გარდა, დამანგრეველია საზოგადოებისთვის" 28.02.2020 13:11

ექსპერტი ამირან სალუქვაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

 

"მოტივაციის შესახებ, თუ რატომ ვდებ ამ პოსტებს ჰეშტეგით #მეტიპოზიტივი

არსებული, დამრთგუნველი საინფორმაციო პოლიტიკა, როცა არაფერი შუქდება მკვლელობების, ძალადობის, ნეგატივის გარდა, დამანგრეველია საზოგადოებისთვის.

გამოვაქვეყნებ კრიმინალის ბოლო 15 წლის სტატისტიკას და თვითონვე დარწმუნდებით, რამდენად ამოყირავებულად აშუქებდნენ და აშუქებენ ყველაფერს.

რატომ იყენებთ მოსახლეობას როგორც ბრბოს, ცხვრის ფარას? რატომ უნერგავთ უიმედობის გრძნობას?

მალე დაიწყება საარჩევნო კამპანია. არცერთ პარტიას ან პოლიტიკოსს, რომელიც არ წარმოადგენს ნორმალურ, სამეცნიერო-ეკონომიკურ გათვლებზე და ბიუჯეტზე, ანუ ქვეყნის შესაძლებლობებზე გათვლილ პროგრამას, არც კი ჩავთვლი განხილვის ღირსად და ყველა ასეთი სუბიექტი მიიღებს საჯარო უარყოფით შეფასებას.

იმისათვის, რომ წარმოადგინონ რეალობასთან მიახლოებული პროგრამები, უნდა შეისწავლონ რა ხდება ეკონომიკაში. ზოგიერთებს როცა ვუსმენ, ვატყობ, რომბჩარჩენილები არიან, ან ჩვენ გვთვლიან ჩარჩენილებად, წლების განმავლობაში ტექსტი არ ეცვლებათ.

მაგალითად, როცა დაგვპირდებით, რომ სოფლის მეურნეობაში შექმნით შემნახველ მეურნეობებს, ან გადამამუშავებელ საწაემოებს და სხვა, უნდა იცოდეთ, რომ სახელმწიფომ უკვე დააფინანსა 16 შემნახველი მეურნეობა, ათობით გადამამუშავებელი საწარმო და ა.შ. ჯამში მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგებში შეიქმნა 200-ზე მეტი საწარმო.

ამიტომ, თქვენ უნდა გვესაუბროთ არსებული მდგომარეობის ან მიდგომების ხარვეზებზე და შემოგვთავაზოთ უკეთესი. და არა პრიმიტიული და ბრბოზე გათვლილი ლოზუნგები: მაგალითად, "დავეხმარებით გლეხს", "გავატანინებთ პროდუქციას" და ა.შ. ეხმარებიან, ატანინებენ.
თქვენ რას გააუმჯობესებთ?

იგივე ეხება, ვთქვათ, ინფრასტრუქტურას, გზებს, გაზიფიკაციას. უნდა შეისწავლოთ რა გაკეთდა ამ წლებში, რამდენი კმ ავტობანი, რამდენ სოფელში შევიდა გზა, რამდენში გაზი და წყალი, რამდენი დარჩა.

ასევე, სადაც გაზიც მივიდა, წყალიც, ინტერნეტიც და გზაც, იმათ რას შესთავაზებთ?

ცალკე თემაა უმუშევრობა და როგორც აქ მცხოვრებთა დასაქმება, ასევე ქვეყნის გარეთ გასული მოქალაქეების უკან დაბრუნება, ან ადგილზე ლეგალიზაცია. ამ საკითხშიც ზედაპირულ განცხადებებს და ლოზუნგებს პირადად მე, ერთი ამომრჩეველი, არ მივიღებ. მივიღებ მხოლოდ გათვლებს, ციფრებს, დასაბუთებებს. ვინც მოიტყიებს, შესაბამისად შეფასდება.

იგივე ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას. ვკითხულობ ზოგიერთ, პოლიტიკაში ჩართვის მსურველთა ნაშრომებს, რომლებიც აპირებენ კარდინალურ "რეფორმებს" ამ სფეროში და აქაც არანაირი მეცნიერული დასაბუთება, მხოლოდ სადღეგრძელოები, ინტერნეტით მიღებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე.

ნუ თრგუნავთ, ნუ აბეჩავებთ მოსახლეობას.

ყველა ქვეყანაში საინფორმაციო გამოშვებები იწყება ქვეყნის და მსოფლიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი მოვლენებით. ვინ მოკლეს, ვინ გაქურდეს და თუ სცემეს, განსაკუთრებული მძიმე, ან რეზონანსული შემთხვევების გარდა, აცხადებენ კრიმინალურ ქრონიკაში. თქვენ კი მთელი საინფორმაციო პოლიტიკა გაქვთ ერთი დიდი კრიმინალური ქრონიკა.

სანამ სტატისტიკისთვის მოვიცლი, მოკლედ მოგახსენებთ. იმ წლებში, როცა საინფორმაციო პოლიტიკას წაღმა, ანუ აბსოლუტურად სწორად, თუმცა ზედმეტად პოზიტიურად წარმართავდით, საოკუპაციო რეჟიმი ყოველწლიურად იტაცებდა ასეულობით ჩვენს მოქალაქეს, ყოველ მე-2-3 დღეს ქვეყანაში ხდებოდა განზრახ მკვლელობა, მკვლელობა, გაუპატიურება, გაუპატიურების მცდელობა, სუიციდი ან სუიციდის მცდელობა, ასევე ყოველწლიურად იპარავდნენ ასობით მობილურს, ავტომანქანას, ყოველთვიურად ხდებოდა ასობით ყაჩაღობა, ძარცვა და ათასი სხვა უბედურება.

მაშინ ამ ყველაფერს ან არ აშუქებდით, ან აცხადებდით პოზიტიურ ჭრილში, თუ როგორ ებრძოდა ჩვენი, მართლაც საამაყო პოლიცია, კრიმინალს.

დღეს პირიქითაა. ყოველ საინფორმაციო გამოშვებაში პირველი რამდენიმე სიუჟეტი ეძღვნება კრიმინალს. ვინმე დამიმტკიცებს, რომ ეს არაა ვიწროპოლიტიკური მოტივებიის გამო მოსახლეობის მიზანმიმართული დათრგუნვა, უიმედობის ჩასახვა და სასოწარკვეთილებამდე მიყვანის მცდელობა?

მედია საშუალებებს, რომელმაც არ გააშუქა TANAP-ის, ახალი, უზარმაზარი თბოელექტროსადგურის გახსნა და სხვა, არ ვთვლი ასეთებად, მათ მფლობელებს კი პატრიოტებად.

ბატონო პოლიტიკოსებო, თქვენს ხელთ არსებული მწდია საშუალებებით ებრძოლეთ ერთმანეთს, ნუ გვებრძვით ჩვენ, მოსახლეობას! ცხოვრება გადის თქვენი ჭიდილის ცქერაში. ხალხს უკეთესი რეალობა და მომავალი სურს.

მგონი მარტივი და ლეგიტიმური მოთხოვნაა.

ამიტომ, რაც ნაკლებად შუქდებოდა ამ წლებში, მოვიძიებ და გამოვაქვეყნებ. ვისაც სიკეთე უხარია, გაიხარებს. თან თქვენც დაინახავთ, რომ არ ბნელა, ვხედავთ და სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ. არ გვინდა ბნელეთიდან გამოყვანა.

2020-ში გვესაუბრეთ არა თქვენი გადმოსახედიდან, თითქოს დანგრეულია ქვეყანა და თქვენ უნდა გვიხსნათ, არამედ, არსებულზე დაყრდნობით, რას გააკეთებთ დღეიდან 2024-მდე. 2024-ში გვესაუბრეთ, რას გააკეთებთ 2028-მდე და ა.შ.

ამ ტექსტს დავურთავ ყველა პოსტს ჰეშტეგით #მეტიპოზიტივი, რადგან კომენტარებში ახსნას მეტი დრო მიაქვს." - წერს სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ