დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

“პარტიების უმეტესობა ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აიღებს” - გაერთიანებულ ოპოზიციაში დაპირისპირება ღრმავდება 06.06.2020 19:44

 

 

“გაერთიანებული ოპოზიციის თავზე შავი ღრუბელი გროვდება. როგორც ჩანს ოპოზიციაში უკვე დიდი ხანია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. როგორი იქნება ოპოზიცია არჩევნებზე წარმოდგენილი? - კოალიცია, საერთო მაჟორიტარები თუ დამოუკიდებლად მონაწილეობა, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა დაპირისპირების აშკარა ნიშნები ჩნდება. “ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალურ მოძრაობასა” და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ყველა პარტიას მოუწოდა, დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდნენ პირველ რიგში თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე. პარტიაში ფიქრობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეთანხმების დარღვევას აპირებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პარტიების უმეტესობა ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აიღებს” - გაერთიანებულ ოპოზიციაში დაპირისპირება ღრმავდება.

 

“საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე არსებული შეთანხმების ერთგულებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ “ევროპული საქართველო” მზად არის, უახლოეს დღეებში სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეხვდეს და შეთანხმდნენ, ვინ იქნებიან ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები. “საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის - მზად ვართ, შევიკრიბოთ და უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც. ჩვენ ამის მზადყოფნას ვადასტურებთ”, - განაცხადა ბაქრაძემ. მაჟორიტარების საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ, “ლელომ” ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ისინი გაერთიანებულ ოპოზიციას არ უერთდებოდნენ და 30-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს დაასახელებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამის შემდეგ, მორიგი განცხადება უკვე გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. თქვა, რომ უკვე გარკვეულია, რომ საერთო კანდიდატებზე მთლიანად შეთანხმება ვერ მოხდება. “ლელო” კი ისევ ძველ პოზიციაზეა - 30-ვე ოლქში პარტიას მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუმცა, ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციასთან აქტიური კოორდინაცია და დისკუსიაც იყოს იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო მაჟრიტარული კანდიდატების დასახელებას შეეხება. არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა სჯობს, რომ მნიშვნელოვან ოლქებში ეს მოხდეს, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” ლიდერების განცხადებას და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით საუბრის გასაგრძელებლად, მზადაა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“არის უამრავი პარტია, რომელსაც დაბალი ბარიერით გაუჩნდა შანსი ერთი დეპუტატის ძალიან მარტივად გაყვანის, ამისთვის სულ რაღაც 15000 ხმა სჭირდებათ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მაჟორიტარულ, არამედ პროპორციულ სისტემაზე მუშაობა და 30-ვე ოლქში თავიანთი კანდიდატის დაყენება. საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პარტიების ორიენტირებას პარტიულ სიაზე და არა მაჟრიტარულ ოლქებზე”, - ამბობს გოცირიძე. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერეთი ლიდერი დავით ბერძენიშილი “ევროპული საქართველოს” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მან “ევროპული საქართველოს” ბრიფინგს თავის დაზღვევა და უკან მიდევნებული ლამპარი უწოდა. “არაფერი პორბლემა არ არის, თავის დაზღვევის უფლება აქვს ყველა პარტიას, მაგრამ ამასთანავე მე ძალიან მყარად ვიცი, რომ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან"და სხვა პარტიებთან შეთნხმებით”, - აცხადებს ბერძენიშვილი. ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მას არც ჰქონდა ილუზია და მოლოდინი, რომ რეალურად ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდებოდნენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“რა თქმა უნდა, არც გამკვირვებია ის განცხადებები, რომელიც უკვე ოპოზიციის ლიდერების მხრიდან დაიწყო. არც მაქვს იმის ილუზია, რომ ოპოზიციაში საერთოდ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდებოდნენ - ახლა ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელსაც “ძალა ერთობაშია” ჰქვია, არჩევნებში ყველაზე გამოცდილი და დიდი ელექტორატის მქონე “ნაციონალური მოძრაობაა”. გვინდა თუ არა, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა. მოდი ახლა გავყვეთ ლოგიკას. “ნაციონალებს” სთხოვენ, რომ შენ ახლა დაგვითმე საკუთარი მაჟორიტარული ოლქები და ასევე შენვე იწვალე იმ მაჟორიტარის გამარჯვებაზე, რომელზეც ოპოზიცია შევთანხმდებითო. რეალურად ასეა. ყველაზე მეტი ამომრჩეველი “ნაციონალებს” ჰყავთ. ამიტომ ყველაზე მეტი შრომა მათ მოუწევთ. ფაქტიურად საკუთარი ბეჭებით უნდა გაიყვანოს ყველა კანდიდატი. ამიტომ ჩნდება კითხვა, რას მიიღებენ ისინი სანაცვლოდ? მაშინ ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, რომ მთავრობის ფორმირებისას, თუ კი კოალიციური გახდება საჭირო, მხარი “ნაციონალების” კანდიდატს დაუჭირონ და მთავრობის ფორმირებაში დაეხმარონ. სხვაგვარად მართლა წარმუდგენელია, რატომ უნდა შეიწუხოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი, როცა იცის, რომ ამ არჩევნებში ბრძოლის ხაზი მაინც ორ პოლუსზე გავა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“მისივე თქმით, თუკი ოპოზიციის არგუმენტია, რომ საერთო კანდიდატი მეორე ტურის შემთხვევაში “ოცნების” კანდიდატურას დაამარცხებს, ეს ნაკლებად მყარად ეჩვენება. მისი აზრით, “ოცნება” მაინც იმის აპელირებას შეეცდება, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი ისევ “ნაციონალური მოძრაობის” არის და კვლავ ორ პოლუსზე თამაშა შეეცდება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიაციაში განხეთქილება დიდხანია უკვე დაწყებულია. მისი აზრით, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ბოლო დროს იკრიბებიან, თუმცა ამბავი იქიდან არაფერი გამოაქვთ. ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამიტომაც სათქმელიც ჯერ არაფერი აქვთ. არადა გეგმავდნენ და მედიასთან ამბობდნენ, რომ მათ მიზნებს და სტარტეგიას გააცნობდნენ. თუმცა არც მიზნები და არც რაიმე გეგმა ჯერ არ ჩანს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“სავარაუდოა, რომ ოპოზიციის შიგნით უკვე ჭიდაობაა დაწყებული. ლოგიკურია, რომ პარტიებს, რომლებსაც მეტი რეიტინგი აქვთ, უფრო მეტი პრეტენზიებიც გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ამბიცია აქვს და შეთანხმების იმედი ნაკლებად მაქვს. ამიტომაც ამაზე საუბარი არ სურთ. თითქმის ყველამ თქვა, მაჟორიტარად მივდივართო. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება, ასევე იმას, რომ პარტიების უმეტესობა საჭირო ხმების რაოდენობას ვერ აიღებს. კი იძახდნენ იქამდე არიქა პროპორციული სისტემა გვინდაო, მაგრამ ახლა თავისთვის ეს პროპორციული სისტემა არ უნდათ. ეს იმისთვის უნდოდათ, რომ ამით “ოცნება” დაესუსტებინათ. პოლიტიკოსისთვის რომ პროპორციული სისტემა სახეირო არ არის, ახლა ჩანს. სახელიანი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ხმების რაოდენობა თავად აიღონ. პარტიები ფაქტობრივად მარცხისთვის ჰყავთ მიშვებული. რახან იციან, რომ პარტიებს ნაკლები გასვლის შანსი აქვს, ამიტომ მაჟორიტარებად თავად გამოდიან. მგონია, რომ “ნაციონალების” და “ევროპელების” გარდა, დიდად ამ ოპოზიციაში პარტიებს გასვლის შანსები არა აქვთ. ამიტომ არის, რომ ვერაფერზეც ვერ თანხმდებიან და ვერც შეთანხმდებიან“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ