დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

არჩილ თალაკვაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა 17.09.2020 11:33

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ევროპარლამენტი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე ფართომასშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე.


„2020 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტმა, ყველა ძირითადი ჯგუფის მხარდაჭერით, დიდი უმრავლესობით მიიღო ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხება, მათ შორის პოლიტიკურ დიალოგს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე ფართომასშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და გაძლიერების მხრივ და მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს. სამწუხარო იყო, რომ ოპოზიციამ ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯარო პირობა გასცეს ამასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო არჩევნებს და მინდა დავარწმუნო ისინი, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  ანგარიშში კორონავირუსის პრევენციაზე საქართველოს რეაგირებაზეც არის საუბარი. მისი თქმით, პანდემიის წინააღდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული. პარლამენტი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და მისი სრულად გამოყენება საქართველოსა და ევროკავშირის მხრიდან. ამასთან, ევროპარლამენტი გამოხატავს მხარდაჭერას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, კერძოდ, საუბარია 150 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებაზე.


მინდა განსაკუთრებით გამოვყო საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში ძალიან მაღლა რჩება. ევროპარლამენტი ანგარიშში დაგმო ოკუპაცია და ის ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი. ანგარიშში ხაზგასმულია დევნილთა დაბრუნების საკითხი - მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი რჩება როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვან პრიორიტეტად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ