დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

“100 ტერორისტი მზადაა, ამ ღამითვე გადაკვეთოს საქართველო-რუსეთის საზღვარი” 16.10.2020 20:46

“100 ტერორისტი მზადაა ამ ღამითვე გადაკვეთოს საქართველო-რუსეთის საზღვარი” - რუსეთი ახალ პროვოკაციას გეგმავს

 


“რუსეთი ნაცადი ხერხით და სცენარით ისევ ცდილობს საქართველო ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათთვის რუსეთისკენ გზის გახსნაში დაადანაშაულოს. რუსული მედიით გავრცელებული “ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი” ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ამჟამად 100-მდე ისლამისტი მებრძოლი იმყოფება, რომლებიც მცირე ჯგუფებად რუსეთის ტერიტორიაზე გეგმავენ გადასვლას. ქართველ ექსპერტთა შეფასებით, ეს მორიგი დეზინფორმაციაა, რომლითაც შესაძლოა ოფიციალური მოსკოვი რაღაცის საფუძველს ამზადებდეს. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ყარაბაღში მიმდინარე ომისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლის ფონზე, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, შეირაღებული კონფლიქტის მასშტაბები მკვეთრად გაიზრდება და რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. ცნობები საქართველოს ტერიტორიაზე 100-მდე შეიარაღებული ბოევიკის ყოფნის შესახებ რუსულმა “ევრაზია დეილიმ” გაავრცელა “რუსეთის ხალხთა ასამბლეის” საზოგადოებრივი დიპლომატიის კომიტეტის თავმჯდომარე არკადი ტუმასოვზე დაყრდნობით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “100 ტერორისტი მზადაა ამ ღამითვე გადაკვეთოს საქართველო-რუსეთის საზღვარი” - საქართველოს წინააღმდეგ ახალ პროვოკაცია მზადდება.


“რუსული სააგენტო აქვე მიუთითებს, რომ ეს ინფორმაცია “ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის”. “ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით ასი ბოევიკი იარაღითა და სრული აღჭურვილობით მზადაა, რომ თუნდაც ამ ღამით რუსეთში საქართველოდან, კერძოდ პანკისის ხეობიდან გადავიდეს”, - აცხადებს ტუმასოვი. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია “სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფოს სპეცსამსახურების წარმომადგენლისაგან” მიიღო. ტუმასოვის თქმით, ბოევიკები რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ჩეჩნეთში მცირე ჯგუფებად აპირებენ გადასვლას. საქართველოში ჩამოსვლამდე კი მათი ნაწილი აზერბაიჯანში, კერძოდ კი სუმგაითსა და ნახჭევანში იმყოფებოდა. “მათ შორის ბევრი ტერორისტია, რომლებმაც სირიის ომი გამოიარეს. მაგრამ ასევე არიან ჩრდილოკავკასიელებიც. მათი გადასროლის მიზანია დესტაბილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში”, - აღნიშნა ტუმასოვმა. თავის მხრივ “ევრაზია დეილი” მიანიშნებს, რომ შესაძლოა ამ ჯგუფის ნაწილი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე. სააგენტო იხსენებს 13 ოქტომბერს გროზნოში მომხდარ შეტაკებას, რომლის დროსაც, ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივმა სპეცრაზმმა 4 ბოევიკი გაანადგურა. მაშინ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ისინი “უცხოეთიდან მოხვდნენ ჩეჩნეთში”, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნიდან”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ პანკისში მსგავსი არაფერი ხდება და 100 შეიარაღებული ტერორისტის დამალვა ხეობაში ასე ადვილი არ არის. მით უმეტეს პანკისის ხეობაში ჩვენი უწყებები საკმაოდ ფხიზლად არიან და ასე მარტივი არ არის შეიარაღებული ჯგუფის გადაადგილება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან წამოსული მორიგი ფეიკ-ინფორმაცია, რომელიც რეგიონში სიტუაციის დაძაბვას, ან რაიმე კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას კრემლი იმისთვის ამზადებს, რომ შექმნას განცდა, თითქოს საქართველოში არც ისეთი სიწყნარე და სიმშვიდია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს; რომ საქართველოში ტერორისტები ვითომ თავისუფლად გადაადგილდებიან და ასევე ჩვენი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართევა უნდათ. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ინფორმაცია ასევე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ემსახურებოდეს, რუსეთი ყოველი არჩევნების დროს ცდილობს, რომ მსოფლიოს შეატყობინოს, თითქოს საქართველოში მდგომარეობა რთულია. საკუთარ საზღვრებს ვერ ვაკონტროლებთ და აგერ პანკისში 100-მდე შეიარაღებული ტერორისტი ისე დასეირნობს, რომ მათი მომკითხი კაცი არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რუსეთს რეგულარულად სჭირდება, რომ რეგიონში მუდმივად სიტუაცია დაძაბული იყოს. მით უმეტეს საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს, როგორც ჩანს, რუსეთის უშიშროების სამსახურში რაღაც დანაყოფი, რომელსაც კალენდარი აქვს და ამის მიხედვით ჩვენი ქვეყნის რეგიონებში კონკრეტული სცენარით სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ერთ დღეს მავთულხლართებს გაგვიბავენ და ჩვენს რეაქციას გამოცდიან, მეორე დღეს აგერ მარნეულში ჩვენსავე მოქალაქეებში რაღაცა დეზინფორმაციას ჩააგდებენ და მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ განაწყობენ. ასევე აქვთ პანკისთან დაკავშირებით რეგულარული მცდელობები, რომ სიტუაცია დაძაბონ. მით უმეტეს ყარაბაღის ომის ფონზე ვერ ისვენებენ, რომ საქართველო რაღაც ფორმით ჩართული არ იყოს. ამიტომაც ამ ფეიკნიუსით ცდილობენ, რომ ჩირქი მოგვცხონ. ვიღაცაზე ეს ინფორმაცია მუშაობს. გარეჯის თემიდან გამომდინარე, სადაც რუსული სპეცამსახურების კვალი კარგად იკითხება, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახლა სიტუაციის დაძაბვა პანკისის მიმართულებით უნდათ. ეს შესაძლოა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში საზოგადოების დაზაფვრას ემსახურებოდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“კრემლი მსგავს ინფორმაციას ყოველთვის რაღაცისთვის ნიადაგის მოსამზადებლად ავრცელებს. ამიტომაც მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება და ყველა მიმართულებით გაასმაგებული ყურადღებაა საჭირო”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი კი ფიქრობს, რომ რუსული მედიით გავრცელებული ფეიკნიუსები ყოველთვის გარკვეულ მიზანს ემსახურება. თუმცა, ეს შესაძლოა შიდა მოხმარებისთვისაც იყოს განკუთვნილი. მისივე აზრით, ეს მხოლოდ ისეთ დილეტანტებზეა გათვლილი, რომლებიც არც რეგიონს და არც სიტუაციას არ იცნობენ. 100-მდე შეიარაღებული ტერორისტი კი საქართველოს შუაგულში ასე ღიად ვერ გადაადგილდება და ეს ინფორმაცია აბსურდია. ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი ზურაბ ბატიაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა. მისი თქმით, თუკი მსგავსი ინფორმაცია რუსულ მედიაში კიდევ გამოჩნდა და მას უფრო რეგულარული სახე მიეცემა, მაშინ გარკვეულ საფრთხეს უნდა ველოდოთ და ვივარაუდოთ, რომ ამ ინფორმაციას კონკრეტული მიზნისთვის იყენებენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“ეს ინფორმაცია კრემლის მხრიდან ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილია, რომელიც მუდმივად ამ ხეობის და საქართველოს გაშავებას ემსახურება. უნდათ შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყარაბაღის ომის ფონზე საქართველო როგორ მიშვიდადაც გამოიყურება, სიტუაცია მთლად ასე არ არის და ტერორისტების თავშესაფარია. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან რაიმე მყისიერ ქმედებებს უნდა ველოდოთ. ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ომი და ასპროცენტიანად ისიც არ არის დამტკიცებული, რომ აზერბაიჯანის მხარეს სხვა დაქირავებული ტერორისტები და მებრძოლები იბრძოდნენ. გარდა ამისა, სრულიად გაუგებარია იქიდან საქართველოს ტერიტორიაზე რატომ უნდა მოხვედრილიყვნენ. ეს არის არასერიოზული ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხის არმცოდნე ადამიანების დაეჭვებას ემსახურება. ამ თემიდან რაიმე სერიოზული საფრთხის მოლოდნი არა მაქვს, რადგანაც ძალიან არასერიოზულია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

 

“შესაძლოა რუსეთი ცდილობს, რომ ყარაბაღის პარალელურად პანკისი ახალი დაძაბულობის კერად აქციოს. კრემლს ახასიათებს, რომ პროვოკაციული ინფორმაციები მოიგონოს და შემდეგ გაავრცელოს, რათა საქართველო ტერორისტების თავშესაფრად გამოაცხადოს. ამიტომაც მათი მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რაიმე სახის პროვოკაციას ამზადებდნენ. პანკისთან მიმართებაში ერთი და იმავე სცენარს მუდმივად იყენებენ და ამ ინფორმაციის გავრცელება მოულოდნელი და ახალი არ არის. აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ მედიაში მისი გავრცელების რა მასშტაბები იქნება. თუკი ამან სისტემატიური სახე მიიღო და კიდევ განმეორდა, მაშინ რაღაცისთვის ნიადაგს ამზადებენ; თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი ინფორმაციაა, მაშინ რაღაც გარკვეულ აუდიტორიაზეა გათვლილი და სხვა დატვირთვა ექნება”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.

 

 

 

წყარო: რეზონანსი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ