პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესისა და საარჩევნო კამპანიისთვის, როგორც ეპიდსიტუაციის გაუარესების მაღალი რისკის შემცველი სფეროებისთვის.
„დღეს მოწმენი ვართ, რომ მთავრობა უძლურია იმოქმედოს ეფექტურად უპასუხისმგებლო და ადამიანებისთვის საშიში ქმედებების აღსაკვეთად. 16 ოქტომბერს ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხმრავალი წინასაარჩევნო შეკრება გამართა, სადაც, აქციის მონაწილეთა შორის, შეუძლებელი იყო რაიმე სახის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება. „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მოუწოდებს ყველა პარტიას უკიდურესი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყანაში შექმნილ საგანგაშო ეპიდემიურ ვითარებას და კერძო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, საფრთე არ შეუქმნან მოქალაქეთა ჯანმრთელობას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება ყველა სფეროში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სასწავლო და საარჩევნო პროცესს. ნუ აჰყვება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების პროვოკაციას და უპირატესობა საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობას მიანიჭოს,“- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge