13.01.2021 21:04
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კომენტარს აკეთებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე და ამ მოვლენის მთავარ ინტრიგაზე მიანიშნებს:
მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა, მაგრამ საკუთარ თავს უღალატებდა, რომ ეს წასვლა ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო. მან დატოვა სერიოზული ინტრიგა, რომელიც ალბათ თანაბარწილად ააფორიაქებს როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას.
ივანიშვილმა ჯერ წერილში შემდეგ კი ტელეინტერვიუში, მინიშნებით, მაგრამ საკმაოდ გამჭვირვალედ გაახმოვანა მისი სურვილი ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე იხილოს ახალი და სხვებთან შედარებით ჯანსაღი ალტერნატიული ოპოზიციური ძალა, რომელიც სამომავლოდ ხელისუფლებაში ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას.“ მისი რესურსებიდან გამომდინარე, ამ სურვილის რეალიზებაში წვლილის შეტანა არ უნდა გაუჭირდეს.