დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

შარლ მიშელის ვიზიტის მიზანია, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის გაგრძელებული პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს - დავით ქართველიშვილი 01.03.2021 17:51

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი კვლევა გრძელდება. ოპოზიცია, ერთ-ერთი ლიდერის -ნიკა მელიას დაკავებას რამდენიმე დღეა ქუჩაში აპროტესტებს. ხელისუფლება კი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოხატავს.  მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობაც.  დღეს, ეს მესიჯი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც გააჟღერა, რომელიც, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.

 

"პოლიტიკურ მხარეებს  ოპოზიციასთან და მთავრობასთან დიალოგისკენ მოვუწოდებ... ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერშიფს," - აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დაწყება და რას უნდა ველოდოთ ქართულ პოლიტიკაში. ამ  და სხვა აქტუალურ საკითხებზე,  „ჯორჯიან თაიმსს“ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ესაუბრა.

 

-      ბატონო დავით, ოპოზიცია ქუჩაშია გამოსული და პროტესტს აგრძელებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანი იქნება მათთვის ამ ტიპის აქტივობა?

 

-     ოპოზიციის გააქტიურება თვალნათელია იმ კარვებიდან გამომდინარე, რომელიც ამჟამად რუსთაველზეა განლაგებული. მათი ბოლო აქცია საყოველთაო უნდა ყოფილიყო, მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოეცვა საკუთარი ამომრჩევლები, მაგრამ ის რაოდენობა, რომელსაც ელოდნენ, არ წარმოადგენდა  იმ კრიტიკულ მასას, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება რაიმე რევოლუციური, ან დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ. ისინი  მიყვებიან ფერადი რევოლუციისთვის დაწერილი იმ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების მიხედვით, რომლებმაც, 2003 წელს იმუშავა, ასევე, ორგზის იმუშავა უკრაინაშიც, მაგრამ, დღეს საქართველოში უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა ვერ მოიძებნება  იმისთვის, რომ  ჩვენი ქვეყანა კვლავ რევოლუციის და გადატრიალების გზით განვითარდეს. ეს გამორიცხულია. საკმაოდ მცირე რაოდენობაა ოპოზიციის მომხრეების, რომელთაც, შეუძლიათ პოლიტიკური ბრძოლის ელემენტები ქუჩაში გადაიტანონ.

 

-      რამდენად სწორი იყო ხელისუფლების მხრიდან ნიკა მელიას დაკავება იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა  და როგორ შეაფასებთ თავად მელიას გადაწყვეტილებას, რომელიც გირაოს გადახდაზე უარს ამბობს?

 

-       ნიკა მელიას მხრიდან, ისევე როგორც, ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ძალიან სახიფათო პრეცედენტები იქმნებოდა. სახელმწიფოში თითოეული მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური თუ რელიგიური ე.წ იმუნიტეტისა, ერთი და იგივე კანონმდებლობას უნდა ემორჩილებოდეს. არ შეიძლება, ქვეყანაში  ორი ტიპის კანონმდებლობა მოქმედებდეს. ერთი იყოს "უბრალო მოკვდავებისთავის" და მეორე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, ან თუნდაც ამა თუ იმ  პარტიების ხელმძღვანელებისათვის.   საპროცესო კოდექსის ელემენტარული კანონიერი მოთხოვნა იქნა აღსრულებული. ნიკანორ მელიას ბრალის წაყენების შემდეგ აღმკვეთ ღონისძიებად თავისუფლებაზე ყოფნა  ორგზის შეუფარდეს, პირველად, როდესაც სამაჯური უნდა ეტარებინა და დემონსტრაციულად მოიცილა ის,  მეორედ-პროკურატურამ  სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გირაოთი ჩაენაცვლებინათ. ნიკა მელია არც ამ მოთხოვნის შესრულებაზე დათანხმდა. მან კანონს და კანონის აღსრულებას სხვა გამოსავალი ვერ დაუტოვა. ფაქტობრივად,  საკუთარი ქმედებით საკნის კარი გაიღო და შიგნით თავად შევიდა.

 

 

-    ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხელისუფლების მისამართით კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ შელახული  იმიჯის, პრესტიჟის აღსადგენად?

 

-     ვინც დაიწუნა ჩვენი ხელისუფლების კანონიერი მოთხოვნილების აღსრულება, ეს არის რამდენიმე მოქმედი და უამრავი ყოფილი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი.  ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენი ხელისუფლების  მკაფიო დატუქსვა  იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი აღასრულა ნიკა მელიას შემთხვევაში, - არ გამიგია. ასევე, არც საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის მთავრობების მხრიდან მსმენია ამის შესახებ.  ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს დასავლელი პარტნიორების  სახელმძღვანელო რგოლი, ის ოფიციოზი, რომელთანაც საპარტნიორო ურთიერთობებს ვამყარებთ, იმისთვის, რომ 2024 -სთვის მოვემზადოთ და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადით წარვდგეთ. ჩვენ  არცერთი კრიტიკული გამოხმაურება  არ გაგვიგია იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიასთან  მიმართებაში არასწორად იქნა გამოყენებული კონკრეტული  საპროცესო კოდექსის კონკრეტული, რიგითი  მუხლი.

 

რაც შეეხება იმას, რომ საკანში პოლიტიკოსი მოხვდა, ისიც  სასამართლო პროცესამდე, მასზე სასამართლო ჯერ არ შემდგარა  და საბოლოო ჯამში, რა განაჩენს გამოუტანს, ეს მეორე მხარეა. ის, რაც გააკეთა სახელმწიფომ, სწორად გააკეთა.  არ შეიძლება რიგით მოქალაქესთან მიმართებაში კანონის ეს მუხლი იქნას გამოყენებული, ხოლო მელიასთან მიმართებაში -არა.

 

 

-     დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში და ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ორივე მხარეს, მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. რა მნიშვნელობის შეიძლება იყოს ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი, როდესაც მწვავე პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში?

 

-    ფასილიტატორების თანამონაწილეობით მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა, ყოველ შემთხვევაში, წერტილი არ დასმულა. მეტიც, რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ  მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მეხუთე რაუნდის ჩასატარებლად მზადაა. როგორც ჩანს, ოპოზიცია არ არის მზად. ფასილიტატორებისა და ხელისუფლების კარი ღიაა. ევროკავშირი და ევროპელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან და დღევანდელი ვიზიტი, ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ შეხვდებიან ორივე მხარის წარმომადგენელებს, რათა, ეს გაგრძელებული პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. ლოგიკური დასასრული არის, ჩვენი პარტნიორების არაერთი მოწოდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს და არა - ქუჩის ტრიბუნა. იმედი მაქვს, კიდევ ერთი სიგნალი იქნება იმ პარტიებისთვის, რომელთაც ვერ გადაუწყვეტიათ პოლიტიკური ბრძოლის რა გზა აირჩიონ.

 

 

-    ოპოზიციის  ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. არის თუ არა შანსი ეს ასე მოხდეს?

 

-     პირველ რიგში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას იურიდიული საფუძველი სჭირდება. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - კომპეტენტური კომისიის მიერ გადათვლილ იქნას ჩატარებული არჩევნების შედეგები და იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრების მიერ დადგინდება, აღიარებულ იქნება გადაცდომები, რომლებმაც არჩევნების შედეგებზე  მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს, მაშინ, ხელისუფლების სასარგებლოდ  თუნდაც ერთ პროცენტიანი გადაცდომის შემთხვევაში, ხელისუფლება მზადაა ხელახალი არჩევნები ჩანიშნოს.  მეორე- ჩვენი უკლებლივ ყველა ოფიციალური დასავლური პარტნიორი ჩატარებულ არჩევნებს აფასებდა, როგორც შემდგარს, კონკურენტუნარიანს, რომლის დროსაც, ყველა ძირითადი ადამიანის უფლება დაცული იყო. ახლა რა ვუყოთ ამ შეფასებებს?! ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდოთ, გადახედონ პირველად მოსაზრებებს? რის საფუძველზე? ჩვენ თვითონ ხომ ვერ დავხევთ იმას, რომ პარტნიორებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც შემდგარი.

 

-    როგორ შეაფასებთ ხელისუფლების საქმიანობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში? დღეს რეგულაციების ძირითადი ნაწილიც მოიხსნა. იყო თუ არა ეს დროული?

 

-    რეგულაციების მოხსნა დროული იყო. იმიტომ, რომ თუ შევადარებთ ევროპულ წამყვან ქვეყნებს, მათთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში შეზღუდვები შერბილებულია. პანდემიის ე.წ მეორე ტალღის პერიოდი სრულ ლოქდაუნამდე არც მივსულვართ და  ყველა შეზღუდვა, მათი ეტაპობრივად მოხსნა გონივრული იყო. დღეს, ამ ყველაფერმა უნდა გააჯანსაღოს ეკონომიკა, ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები.  არ არის გვიან. როგორც წესი, ბაკურიანსა და გუდაურში საკურორტო სეზონი მაისის დასაწყისამდე გრძელდებოდა ხოლმე. მთელი რიგი ქვეყნების ტურისტებისთვის, შესაბამისი კოვიდტესტის არსებობის შემთხვევაში  ჩვენი  საზღვარი გაიხსნა.  ღია წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში ავიაბილეთებზე  რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან ბუმია.  გაიხსნება რესტორნებიც და ეს ყველაფერი ეკონომიკის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.

 

-  დიდი მადლობა!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ