დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"თუ კობახიძის მუქარა შესრულდა, „ოცნებას“ პირველი ჭექა-ქუხილი და რისხვა თვით მიშელისგან დაატყდება" 08.06.2021 17:16

შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში შევიდნენ და  დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

 

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

 

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

 

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

 

როგორც კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან მიწვეული სამუშაო ფორმატებში და ვერ ისარგებლებენ შესაბამისი პრივილეგიებით, ვიდრე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

 

,,შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. თუ ხელს არ მოუწერენ მიშელის დოკუმენტს, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ისინი ვერ ისარგებლებენ, მათ შორის ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ამ დოკუმენტის აღსრულებას. ისინი არ იქნებიან მოწვეული სამუშაო ფორმატებში, ვიდრე ხელს არ მოაწერენ ამ დოკუმენტს, ეს შეიძლება იყოს საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ასე შემდეგ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“  პარლამენტში შესვლის ფაქტი და ამ საკითხზე, ირაკლი კობახიძის გამოხმაურება „ჯორჯიან თაიმსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ შეაფასა.

 

მისი თქმით, დღეიდან, პარლამენტის მუშაობა უფრო საინტერესო გახდება.  

 

„პარლამენტის მუშაობა დღეიდან უფრო საინტერესო იქნება. დებატები და პირისპირ დგომა პოლიტიკურ პროცესს გააცოცხლებს. მაგრამ, სანამ მონოპოლისტური პარტია არსებობს, პარლამენტი  კარგავს მთავარ ფუნქციას. აღარ არის შეთანხმებები, კომპრომისები, ოქროს შუალედების ძებნა“, - განაცხადა მან.

 

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას’’ აუცილებლად მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება, პოლიტოლოგის თქმით, ეს პირდაპირი მუქარაა.


„ირაკლი კობახიძის განცხადება პირდაპირი მუქარა. თუ კონსტიტუციას მივყვებით, როგორც მახსოვს, საერთოდ არ არის ნახსენები არც ბატონი მიშელი და არც მისი დოკუმენტი. იქ არ არის დათქმა, რომ პარლამენტის წევრის უფლებები, რაიმე დოკუმენტმა შეზღუდოს. ეს საერთაშორისო სამართლის ანბანია. კობახიძე კი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და ეს უნდა იცოდეს. დეპუტატის უფლებამოსილების შეზღუდვას, რის შეზღუდვასაც აპირებენ ისინი, განსაზღვრავს არა კობახიძე, არა ოხანაშვილი, არა თალაკვძე, არამედ - ამომრჩეველი, რომელიც, მანდატს აძლევს დეპუტატს და კონსტიტუცია.  კონსტიტუცია კი არ არის მიბმული რომელიმე შეთანხმებასთან.


ეს ნონსენსი და უმრავლესობისგან ჩვეულებრივი მუქარაა. „ნაციონალური მოძრაობა“ ყურს არ იბარტყუნებს ასეთ მუქარებზე. თუმცა, ეს თუ შესრულდა, არაკონსტიტუციური იქნება და პირველი ჭექა-ქუხილი და რისხვა ვენეციის კომისიისგან და თვითონ მიშელისგან დაატყდებათ“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ