საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ეუთო/ოდირის მისია ჩამოვიდა. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტარკმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის მისიის ძირითადი გუნდი 13 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება, რომელთა შორის არიან საარჩევნო, პოლიტიკური, სამართლებრივი და მედიის საკითხების ანალიტიკოსები.
„ეუთო/ოდირის მისია საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიწვია, რომ დააკვირდეს არჩევნებს. ეს არის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს და მისია მოთხოვნის საფუძველზე ჩამოდის. ოდირს აღებული აქვს ვალდებულება, უსაფრთხოდ შეასრულოს თავისი მანდატი და ამ მნიშვნელოვან არჩევნებს დააკვირდეს,“- განაცხადა სტარკმა.
მისივე თქმით, მისიის ძირითადი გუნდი შედგება 13 საერთაშორისო ექსპერტისგან ეუთო-ს 10 წევრი სახელმწიფოდან. როგორც მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, 30 სექტემბერს 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა, რომლებიც შემდგომში ქვეყნის მასშტაბით 13 სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდებიან.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge