დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"პუტინი "ახალ მეფედ" იქცა" - რამდენად რეალურია რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყების საფრთხე 08.04.2021 17:19

უკრაინაში ომის საშიშროება უფრო და უფრო რეალური ხდება. რუსეთი არმიის მობილიზებას აგრძელებს, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა.  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 7 წელია გასული, თუმცა, რუსი ჯარისკაცები უკრაინის საზღვართან ახლოს პოზიციებს ამაგრებენ. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი კი, შეთანხმების დარღვევაში უკრაინას ადანაშაულებს. დასავლეთის ლიდერები  მხარს ვლადიმერ ზელენსკის უჭერენ.


რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წლის 6 აპრილს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის დაიწყო. ამას  წინ  2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა უძღოდა, რომელმაც, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა დაასრულა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ, ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები დაიკავეს.. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ უკრაინის აღმოსავლეთშიც იჩინა თავი, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო, რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.


რამდენად რეალურია დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების საფრთხე და როგორია  ამ პროცესებში დასავლეთის როლი, - ამ საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა. მან პარალელი 2008 წლის აგვისტოს ომთან გაავლო, რომლის დაწყებასაც წინ რუსეთის მიერ მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა.

 

„გარკვეული პარალელები არის იმასთან, რაც 2008 წელს აგვისტოს ომის წინ ხდებოდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა. ეს მოსამზადებელი სამუშაოები მანამდეც მიდიოდა, ანუ საბრძოლო დანაყოფები და სამხედრო ტექნიკის ჩრდილოეთ კავკასიაში გადმოსროლა. რუსეთმა იქ  სწავლება სპეციალურად ჩაატარა და საბრძოლო დანაყოფებს თავი მოუყარა. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე  დღეს რასაც  ვხედავთ, დაახლოებით  ეს ხდება. არის ნიშნები იმისა, რომ შესაძლო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინასამზადისი მიდის. როგორ განვითარდება მოვლენები თქმა უნდა, ძნელია, იმიტომ, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. ფაქტია, რომ რუსეთის მხრიდან საბრძოლო ტექნიკის, დანაყოფების გადასროლა, საველე ჰოსპიტლების გაშლა აქტიურად ხორციელდება“, - განაცხადა მან. 

 

ირაკლი ალადაშვილმა რუსეთ-უკრაინის დაძაბულ ურთიერთობაში დასავლეთის როლსაც  გაუსვა ხაზი და ისიც აღნიშნა, რომ ის ცოცხალი ძალით და შეიარაღებით ომში არ ჩაერევა.

 

„ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ძალა სწორედ დასავლეთი შეიძლება იყოს. აგვისტოს ომიდან და ასევე, 2014 წელს, რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიიდან გამომდინარე ვიცით, რომ ის თავისი  ტანკებით, ცოცხალი ძალით, თვითმფრინავებით ამ ომში არ ჩაერევა. თუმცა, პოლიტიკურად, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემით, პუტინის შეკავება შეუძლია იმისგან, რომ მან ახალი ომი არ წამოიწყოს. ამერიკის შეერთებული შტატების და "ნატოს" პოზიცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ თუ რუსეთმა რადიკალური ზომების განხორციელება გადაწყვიტა, ის ამას გააკეთებს“, - აღნიშნა მან. 

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსთან“ ალადაშვილმა განაცხადა, უკრაინასთან დაპირისპირებაში რუსეთის  მთავარი მამოძრავებელი ძალა იმპერიის აღდგენისკენ პუტინის სწრაფვაა.

 

„პრეზიდენტი  პუტინი "ახალ მეფედ" იქცა, იქედან გამომდინარე, რომ ორ ათეულ წელზე მეტია, რაც რუსეთის სათავეშია და ახალი კონსტიტუციით მან, ფაქტობრივად, ხელისუფლების სათავეში ყოფნა სამუდამოდ გაინაღდა. ის არც მალავს, რომ მისი ამოცანა  რუსეთის იმპერიის აღდგენაა. ამიტომაც ცდილობს თავისი გავლენის სფეროები გაავრცელოს, პირველ რიგში, მეზობელ ქვეყნებზე, სამხრეთ კავკასიაში. ასევე აცხადებს, რომ "ნატოს" აღმოსავლეთ გაფართოებას და მის წევრად საქართველოსა და უკრაინის გახდომას არ დაუშვებს.  2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ გაცხადებული იყო, რომ "საქართველო გახდება "ნატოს" წევრი" და რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა. რა თქმა უნდა, უკრაინა საქართველო არა არის, ის შეიარაღებით, არმიით ბევრად ძლიერია და რუსეთმა თუ  იქ სერიოზული ომი დაიწყო (მაინც მგონია, რომ ამ დონემდე არ მივა) ადვილი გამარჯვება არ ელოდება“, - აცხადებს ის. 

 

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი არ არსებობს. შეიარაღება კი, ორივე მხარეს სოლიდური აქვს, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის სტრატეგიული სამიზნეები დააზიანონ. 


„გამოსავალი არ არსებობს. ეს ომი, აღმოსავლეთ უკრაინაში, მეტ-ნაკლები ინტენსიურობით მეშვიდე წელია გრძელდება, მაგრამ უკრაინა არ ნებდება. რუსეთს უნდა ახალი სეპარატისტული მოძრაობა გააჩაღოს არამარტო დონბასში, არამედ, ოდესაში, სხვა მხარეს. უკრაინა კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ცდილობს. ამ შემთხვევაში, შერიგება ვერ გამოვა, მაშინ უნდა დანებდე, ტერიტორიები მისცე და რუსეთი  იმპერიის აღდგენისკენ სწრფვიდან გამომდინარე უფრო მეტს მოითხოვს.


შეიარაღებაში ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი, რუსეთს, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები, ბომბდამშენი ავიაცია, სხვა რაკეტული შეიარაღება აქვს და მათი მოქმედების რადიუსში კიევიც ხვდება, ისევე როგორც უკრაინის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი და სტრატეგიული ობიექტი. გარკვეული საშუალებები უკრაინასაც აქვს, მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სამიზნეები შედარებით  შორს მანძილზე დააზიანოს. თუ რუსეთი ღიად ჩაერთო ბრძოლაში, არაა გამორიცხული, რომ მან სარაკეტო და საავიაციო დარტყმები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას მიაყენოს“, - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ