დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა - წლევანდელი თარიღი ისტორიული ჰერეთის – სოფელ ალიბეგლოს დრამატულ თეატრს მიეძღვნა 14.01.2020 20:54

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. წლევანდელი თარიღი, თეატრალური საზოგადოებისა და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის გადაწყვეტილებით, მიეძღვნა ისტორიული ჰერეთის – სოფელ ალიბეგლოს დრამატულ თეატრს, რომელიც სახელმწიფო სტატუსის მქონე ერთადერთი ქართული თეატრია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ქართული თეატრის დღის აღსანიშნად გაიმართა სპეციალური ღონისძიება. მასში მონაწილეობა მიიღო ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასმა, რომელიც სრული შემადგენლობით თბილისს აზერბაიჯანიდან სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია. ღონისძიების ფარგლებში ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასის წევრებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ; თეატრის დამაარსებელს, ანზორ დოლენჯაშვილს, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია, თეატრის მესვეურებს კი– „ამაგდარის“ წოდება მიენიჭა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დასის წევრებს ქართული თეატრის დღე პირადად მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. “წლევანდელი იუბილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - თეატრალური საზოგადოებისა და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის გადაწყვეტილებით, ეს დღე ეძღვნება ალიბეგლოს დრამატულ თეატრს, რომელიც ერთადერთი სახელმწიფო სტატუსის მქონე ქართული თეატრია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყველა ჩვენგანი აცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხატვრული სიტყვა ხმამაღლა ისმოდეს ისტორიულ ჰერეთში. ხელისუფლების, ჩვენი სამინისტროს, მთელი ჩვენი საზოგადოების სახელით მადლობას ვუხდი თეატრის ხელმძღვანელობას, რეჟისორებს, დასის თითოეულ წევრსა და თანამშრომელს. მათი დღევანდელი დაჯილდოება მხოლოდ მცირედი დაფასებაა იმ დიდი სახელმწიფოებრივი და ეროვნული საქმისა, რასაც ასეთი თავდადებით ემსახურებიან. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ქართული თეატრის დღეს თითოეულ მსახიობს, რეჟისორს, დრამატურგს, სცენოგრაფს, თეატრის ყველა მუშაკსა და, რასაკვირველია, ერთგულ მაყურებელს“,- განაცხადა მინისტრმა.

 

უწყების ინფორმაციით, 1980-1981 წლებში ისტორიული ჰერეთის სოფელ ალიბეგლოში თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტები: მანანა კვირკველია და მზია მჭედლიშვილი ჩავიდნენ, რომლებმაც პირველი სპექტაკლი „სალამურა“ დადგეს. მოგვიანებით რეჟისორმა ანზორ დოლენჯაშვილმა საინგილოში ქართული პროფესიული თეატრი დააარსა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა. დღეს თეატრის დასი 20 კაცისგან შედგება და მის რეპერტუარში 10 სპექტაკლია. 

 

ქართული პროფესიული თეატრის ისტორიის მთავარი ეტაპი პოეტისა და დრამატურგის, გიორგი ერისთავის, სპექტაკლით „გაყრა“ იწყება, რომელიც მან 1850 წლის 2 (14) იანვარს თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში დადგა. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ