დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს - 12 მარტი, ზურაბ სოტკილავას დაბადების დღეა 12.03.2021 11:44

ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს საქართველოში, სოხუმში დაიბადა. გაიზარდა ისტორიის მასწავლებლისა და ექიმის ოჯახში. დედამ, ქსენია ქარჩავამ, ვაჟი მუსიკალურ სკოლაში მიაბარა, რათა ფორტეპიანოზე ან ვიოლინოზე დაკვრას დაუფლებოდა, მაგრამ ბავშვს ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებდა: „შეიძლება ითქვას, მუსიკაზე სიარული დედამ სასტიკი გზით მაიძულა. ის კლასიკურ მუსიკას აღმერთებდა, ისე როგორც ბებია, შესანიშნავად მღეროდა, უკრავდა გიტარაზე და უნდოდა მეც ამ ხელოვნების მოზიარე გავმხდარიყავი. მაგრამ მე კატეგორიულ უარზე ვიყავი მევლო მუსიკალურ სკოლაში. ვფიქრობდი, რომ ეს კაცის საქმე არ იყო, აი ფეხბურთელები კი ნამდვილი მამაკაცები იყვნენ“, – იგონებდა მომღერალი ერთ–ერთ ინტერვიუში.

 

12 წლის ზურაბი სოხუმის საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს. 16 წლისა უკვე სოხუმის „დინამოში“ მოხვდა და საქართველოს პირველობაზე ითამაშა, 18 წლისა კი ახალგაზრდა კადრების ცნობილმა სელექციონერმა ანდრო ჟორდანიამ თბილისის „დინამოში“ მიიწვია. მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 1955 წლის 15 აგვისტოს სტალინოს (დონეცკის) „შახტიორის“ წინააღმდეგ შედგა. იგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანიც იყო.

 

თბილისის „დინამოში“ ზურაბ  სოტკილავამ სულ სამი სეზონი (1955, 1958, 1959) დაჰყო და ამ ხნის მანძილზე, ტრავმებისა და მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, ძირითადში, მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა. პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ერთი სეზონი ინსტიტუტის გუნდშიც თამაშობდა. საფეხბურთო კარიერა 22 წლის ასაკში დაასრულა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ფეხბურთის დიდ გულშემატკივრად დარჩა.

 

პოლიტექნიკური ინსტიტუტი მომავალმა მომღერალმა 1961 წელს დაამთავრა. სწორედ იმ პერიოდში, სრულიად შემთხვევით, სოტკილავას ბარიტონი პროფესორმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოისმინა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, სამთო-ინჟინრის დიპლომით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა.

 

ზურაბი მაესტრო დავით ანდღულაძის კლასში მოხვდა. ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ მომღერალს ბარიტონი კი არა ლირიკულ-დრამატული ტენორი ჰქონდა და შესაბამისი რეპერტუარიც დამუშავდა. კონსერვატორია 1965 წელს დაამთავრა. 1965-1974 წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო; 1966-1968 წწ. სტაჟირება გაიარა მილანის თეატრ ლა სკალაში, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის "რიგოლეტოდან", ხოსეს პარტია ბიზეს "კარმენიდან", ტურიდუს პარტია მასკანის "სოფლის პატიოსნებიდან" (პედაგოგი: ჯ. ბარა).

 

1970 წელს ზურაბ სოტკოლავა და ელენა ობრაზცოვა იყვნენ პირველი საბჭოთა მომღერლები, რომლებიც ბარსელონაში, ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენაც შესთავაზეს. ამავე წელს სოტკილავამ მოსკოვში ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე, მეორე პრემია მიიღო. 1994 წელს მომღერალი ამავე კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობდა.

 

ტენორის დებიუტი მოსკოვის დიდ თეატრში 1973 წელს ხოზეს პარტიით შედგა. ერთი წლის შემდეგ კი იგი ამავე თეატრის საოპერო დასს შეუერთდა როგორც სოლისტი. პარალელურად, 1975–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში ასწავლიდა (სოლო სიმღერა), 1987 წლიდან პროფესორის თანამდებობა ეკავა.  პედაგოგიური მოღვაწეობა მან 2002 წელს განაახლა.

 

აფხაზეთის, სოხუმის ოკუპაცია, სადაც მისი მშობლები არიან დაკრძალულნი, დიდი ტენორის უდიდესი ტკივილი იყი: „სოხუმში ჩავიდოდი, კაი პატივსაც მცემდნენ და კაციშვილი თითს ვერ გაანძრევდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მე სოხუმში ვიხარხარო და იქედან გამოდევნილი 300 000 ადამიანი აქედან მიყურებდეს. გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება და არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ, ჩემი პროტესტი ეს არის", – აღნიშნა მომღერალმა ერთ–ერთ უკანასკნელ სატელევიზიო გამოსვლაში.

 

ზურაბ სოტკილავა გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მოვლილი აქვს ავსტრიის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის. ნიდერლანდების, ნორვეგიის, რუმინეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ყოფილი სსრ კავშირის, კანადის, აშშ–ის  უდიდესი საოპერო თეატრები და საკონცერტო დარბაზები. მას ჰქონდა ძალზე ლამაზი ტემბრის ხმა, მისი სიმღერა გამოირჩეოდა გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოსტატობით.

 

დროდადრო ჩამოდიოდა თბილისშიც: „ ალბათ არცერთ საოპერო თეატრში არ ვღელავ ისე, როგორც თბილისში. აქ ბევრი მიცნობს, ბევრი თვალყურს ადევნებს ჩემს მოღვაწეობას პირველი ნაბიჯებიდან დღემდე, ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება ღირსეულად წარვსდგე მათ წინაშე“, – აღნიშნავდა ბატონი ზურაბი.

 

მომღერლის ცნობილი პარტიებია: აბესალომი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა"), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი, ისმაილი, დონ კარლოსი (ჯ. ვერდის "ტრუბადური", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "აიდა", "რიგოლეტო", „ნაბუქო“, („დონ კარლოსი“), ხოზე (ჟ. ბიზეს "კარმენი"), კავაროდოსი, ლუიჯი (პუჩინის "ტოსკა", „მოსასხამი“), ედგარი (დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის "სადკო"), ტურიდუ (მასკანის „სოფლის პატიოსნება“), ანდრე შენიე (უ. ჯორდანოს „ანდრე შენიე“), ბარონი ჯოლოანდრო ( ჯ. პაეზიელოს „მშვენიერი მეწისქვილე ქალი"), თვითმარქვია, გოლიცინი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი’“ „ხოვანშჩინა“) და სხვა.

 

დიდი ხელოვანი ხშირად მართავდა კონცერტებსაც, სადაც გამოდიოდა კამერული რეპერტუარით და განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს ("სისატურა“, „ასე ჩონგური“) და სხვა. 


ზურაბ სოტკილავას ნიჭისა და ღვაწლის დასტურია მისი მრავალრიცხოვანი ჯილდოები და პრემიები: 1968 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი (სოფია), მთავარი პრიზი "ოქროს ორფეოსი"; 1970 - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკური; ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, I პრემია და "გრან-პრი", (ბარსელონა); 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი; 1976 - შრომის წითელი დროშის ორდენი; 1979 - სსრკ სახალხო არტისტი; 1983 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1997 - ღირსების ორდენი; 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; 2008 - პრემია "ოვაცია";

 

მომღერლის მეუღლე იყო პიანისტი ელისო თურმანიძე. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ – თეა (1967) და ქეთევანი (1971).

 

1980 წელს ბატონი ზურაბი აირჩიეს ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსად „ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის“, ხოლო 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისთვის.

 

ზურაბ სოტკილავამ მაყვალა ქასრაშვილთან ერთად დააარსა ქუთაისის საოპერო ფესტივალი, რისთვისაც მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება. მისივე ინიციატივით, თბილისის საოპერო თეატრის დასის გამოსვლებით, 1991 წლის ივლისში, ჩატარდა ვერდის საზაფხულო ფესტივალი კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოში.

 

ბოლო წლებში ღვაწლმოსილი მომღერალი ავადმყოფობდა. 2015 წელს ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე: „ექიმს მაშინვე ვუთხარი, მხოლოდ იმიტომ ვმკურნალობ, რომ ვიმღერო–მეთქი. თუ სიმღერას ვერ შევძლებ, სიცოცხლე აზრს დაკარგავს...“,–  განუცხადა მან ერთ–ერთ რუსულ ინტერნეტ– გამოცემას 2015 წელს. გერმანიაში გაკეთებული ოპერაციისა და მკურნალობის შემდეგ ზურაბ სოტკილავა პროფესიულ საქმიანობას და დიდ სცენას დაუბრუნდა, მაგრამ მოგვიანებით დაავადებამ კვლავ შეახსენა თავი.

 

ზურაბ სოტკილავა 2017 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ