დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა 17.01.2020 22:52

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა, რომლებიც დამატებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, საბავშვო ბაღების, ჭაბურღილის, კულტურის სახლის და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაზიანების მიზეზი შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხია. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება კი კონტროლის მექანიზმში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია. 

 

„მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლის პროცედურები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს 462.3 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები/პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია”, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

 

ამასთან, აუდიტის ანგარიშში საუბარია დაუსრულებელ ინფრასტრუქტურული პროექტებზე. კერძოდ, 2018 წელს საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმებული სამი ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მიმწოდებელი სამივე პროექტის ფარგლებში არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს, რის გამოც ეკისრებოდა შესაბამისი საჯარიმო სანქცია.

 

„წარმოდგენილი ინფორმაციით, მიმწოდებელი საჯარიმო თანხას არ იხდიდა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების დროს სრულად ურიცხავდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას”, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ