23:32 23.05.2020
„მიხეილ კალანდიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დამკვეთებს ძალიან არაკომფორტული სიტუაცია შეუქმნა გავრცელებულმა ვიდეომ“

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის დედას სახელმწიფო ინსპექტორის მხრიდან უარი ეთქვა მიხეილ კალანდიას ბიძისა და ძმის მიერ facebook-ით ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე რეაგირება მოახდინოს.

 

„სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, გუგა ბარბაქაძის სახელით მომჩივანს უარი ეთქვა რეაგირებაზე დიმიტრი კაკუბავასა და ლუკა კალანდიას მიერ facebook-ით ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. ამ ჩანაწერში, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგადაა მოპოვებული 2017 წლის 1 დეკემბერს, გვიან ღამით, გუგა ბარბაქაძე პოლიციას აწვდის ინფორმაციას, თუ ვინ დაჭრა გიორგი მენაბდე და ასევე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას ხელში არაფერი ეჭირა და იგი არ ყოფილა სისხლიანი. 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენში კი გუგა ბარბაქაძე ადასტურებს, რომ მან დაინახა მიხეილ კალანდიას ორივე ხელი ჰქონდა სისხლიანი და ხელში ეწირა მჭრელი, ბასრი საგანი. ეს ორი ინფორმაცია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რამეთუ თავდაპირველად გუგა ბარბაქაძე აცხადებს, რომ მიხეილი არ იყო სისხლიანი და მის ხელში მას არაფერი უნახავს, ხოლო როდესაც დასჭირდა პროკურატურას და მას დაპირდნენ საპროცესო შეთანხმებას (2020 წლის იანვარი), მას გაუნათდა გონება და განაცხადა, რომ მიხეილს ორივე ხელი სისხლში ჰქონდა ამოსვრილი და ხელში რაღაც მჭრელი საგანიც კი ეჭირა. დიდი ალბათობით, მიხეილ კალანდიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დამკვეთებს ძალიან არაკომფორტული სიტუაცია შეუქმნა გავრცელებულმა ვიდეომ, რამეთუ მისი შინაარსი რადიკალურად განსხვავდება განაჩენით „დადგენილი გარემოებებისაგან“. ამ დისკომფორტის აღსაკვეთად, მისი შემდგომი გავრცელების შეწყვეტის მიზნით, მავანმა პროკურატურისაგან მოტყუებულ გუგა ბარბაქაძის დედას (სავარაუდოდ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეატანინა საჩივარი ვიდეოს გამავრცელებლების დასჯის მიზნით,“ - აცხადებს ზურაბ თოდუა.

 

შეგახსენებთ, რომ გუგა ბარბაქაძე 2017 წელის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის მკვლელობის გამო იხდის სასჯელს. მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge