დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პროცესზე მკაფიოდ აღნიშნა, რომ იგი არის უდანაშაულო და თავს დამნაშავედ არ ცნობს" 13.08.2020 20:29

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი 5 მგზავრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ განაცხადა, პროკურორმა წინასასამრთლო სხდომამდე 2 - კვირიანი ვადა მოითხოვა, რაც თავის გასამართლებლად და საჭირო არგუმენტების წარმოსადგენად საკმარისი დრო არ არის.

 

,,პროკურორმა წინასასამართლო სხდომამდე მოითხოვა 2- კვირიანი ვადა, თუმცა ამ 2- კვირიან ვადას უნდა გამოვაკლოთ 6 დღე, ვინაიდან, უნდა მოხდეს საქმის მასალების გაცვლა, რაც ნიშნავს, რომ პროკურატურა 9 დღეში ასრულებს ამ საქმის გამოძიებას. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურორის ეს მოთხოვნა, რომ 9 დღეში მოხდეს საქმის დასრულება. არ გაიზიარა დაცვის მხარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თავის გასამართლებლად და საჭირო არგუმენტების წარმოსადგენად დრო გვჭირდება. პროკურატურა და სასამართლო რეალურად მხარეა და წარმოადგენს პოლიტიკურ იარაღს ხელისუფლების ხელში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პროცესზე მკაფიოდ აღნიშნა, რომ იგი არის უდანაშაულო და თავს დამნაშავედ არ ცნობს", - აღნიშნა შოთა კახიძემ.

 

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ საქმე არსებით განხილვას გადაეცემა, რადგან საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები. “ დღეს, სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის განსაზღვრასთან დაკავშირებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს 2020 წლის 27 აგვისტოს. ბრალდების მხარეს, რა თქმა უნდა, აქვს მოლოდინი იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომელიც საქმეშია მოთავსებული, რომ სასამართლო ალბათობის მაღალი ხარისხით იმსჯელებს და გადაცემს საქმეს არსებითი განხილვისთვის“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ