დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე 17.02.2021 17:23

მიმდინარე წლის 9 თებერვალს, საქართველოში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. 14 წლის ნინი ცეცხლაძე,  ქობულეთში ბაბუამ საკუთარ სახლთან ახლოს, გარდაცვლილი ნახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 14 წლის გოგომ  თავი მოიკლა. მიზეზი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ფაქტი გახდა.  არსებული ინფორმაციით, გასულ ზაფხულს  გოგონა მასზე უფროსმა მამაკაცმა გააუპატიურა.

 

პროკურატურამ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის  ნიკა ტაკიძე დააკავა. მოგვიანებით კი, ნას ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

სუიციდის შემდეგ, ამ ამბის შესახებ, კიდეევ სხვა დეტალები გამოიკვეთა:  გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედის, მერი რომანაძის თქმით, ნინიზე ბაბუა და ბაბუის ძმისშვილები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ, რის შესახებაც, გოგომ დედას გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრეც უამბო.

 

განსხვავებულია ნინის ძმის პოზიცია. სულიკო ცეცხლაძე, უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ.

 

„დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს, დედის მოყენებულია.  ნინის ფაქტის შემდეგ არ უძალადია გოგოზე არც ბაბუას და არც ბიძებს“-განაცხადა  სულიკო ცეცხლაძემ.

 

სამხარაულის ბიუროს  დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ პოლიციამ გარდაცვლილი გოგონას ბაბუა  დააკავა. 

დოკუმენტში დადასტურებულია, რომ სექსუალურთან ერთად, მოზარდს ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც აღენიშნებოდა. ბაბუა სწორედ ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული.

 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა"- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

 

 

გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის ნათესავები  მოხუცის მხრიდან შვილიშვილის მიმართ მსგავს ქმედებას გამორიცხავენ. გოგონას დედა კი, ძალადობაში დარწმუნებულია.

 

ტრაგედიას მალევე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

 

"14 წლის გოგოს თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!" — განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

სახალხო დამცველის აპარატი ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეზე თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით შეისწავლის. ამის შესახებ ომბუდსმენმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა:

 

"ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს"-აღნიშნულია განცხადებაში.

 

ნინო ლომჯარიას თქმით, მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს.

 

 

აღნიშნულ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს"  “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ხელმძღვანელი  ანა აბაშიძე ესაუბრა:

 

"ზოგადად, ამ ქეისის განხილვა უნდა მოხდეს იმ ჭრილში, რომ სახელმწიფო სისტემურ პრობლემებს ამხელს. სამწუხაროდ, ეს  არ არის ბოლო შემთხვევა და არც ერთადერთი იქნება, მაგრამ, საკმარისია იმისთვის, რომ რეალურად სახელმწიფოს მოვთხოვოთ სრული, რადიკალური რეფორმები არაერთი მიმართულებით. მიზეზი სწორედ ის არის, რომ, ერთის მხრივ, სახელმწიფო არის კრიტიკულად სუსტი იმისთვის, რომ  ბავშვების მიმართ ამგვარი დანაშაულების პრევენცია მოახდინოს.

 

მეორეს მხრივ, გამოძიებაც იმგვარ სტანდარტს იზიარებს, რასაც პრევენცია. მათ რეალურად არ ძალუძთ დანაშაულის ეფექტური გამოძიება, თუმცა, ამასთან ერთად გასათვალისწინებელია,  რომ როდესაც  გოგო ბავშვების და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას ვეხებით, ხაზი გავუსვათ საზოგადოებრივ ნორმებს, რომლებიც ამგვარ დამოკიდებულებას კვებავს.

 

ერთის მხრივ, იმას, რომ სქესობრივი დანაშაულებისა და ძალადობის დროს, მოძალადეები დაშვებას აკეთებენ, რომ შესაძლებელია ქალზე ძალა გამოიყენონ. მეორეს მხრივ, (დაშვებას ვამბობ. ამ კონკრეტულ ქეისს არ ვეხები) შესაძლებელია ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები, თემის წარმომადგენლებიც არ ეხმარებოდნენ და არ თანაუგრძნობდნენ  დაზარალებულს. ეს ყველაფერი ქალებისთვის მტრულ გარემოს ქმნის, რა დროსაც დანაშაულის ჩადენა ყველაზე ადვილად ხდება. დამნაშავეებმა იციან, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედება არ არის ისეთი გასაკიცხი, როგორც ნებისმიერი სხვა. ამიტომ, ბედავენ ასეთ დანაშაულებს და სამწუხაროდ, ეს არის სქესის ნიშნით გამორჩეული დანაშაულები.  ამგვარი დაუსჯელობა და ასეთი უსამართლო გამბედაობა, მათ შორის დანაშაულის ჩადენის დროსაც, სწორედ ქალების და გოგოების წინააღმდეგ ხდება“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

 

ნინი ცეცხლაძის ნათესავების განსხვავებული პოზიციის ფონზე გამოძიება გრძელდება. მომხდარი ტრაგედია კი ნათლად ცხადყოფს, თუ რამდენად მწვავედ დგას ქვეყანაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ