დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სასამართლომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე უარი უკანონოდ სცნო 13.04.2021 14:22

 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე ბათუმის მერიის უარის უკანონობისა და რელიგიის ნიშნით მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის შესახებ. ეს არის ეროვნული სასამართლოების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც წლების განმავლობაში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების ხელყოფის დისკრიმინიაციული პრაქტიკას აღიარებს და მათი უფლებებისა და ღირსების აღდგენის სამართლებრივ წინაპირობებს ქმნის.

 

"სამწუხაროდ, 2017 წლიდან დღემდე, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ბათუმის მერია მათი გასაჩივრებისა და საკუთარი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურების სტრატეგიას ირჩევს, რაც მუსლიმი თემის უფლებების რეალიზებას აფერხებს. იმედი გვაქვს, რომ უკვე ზემდგომი სასამართლოს მიერ ბათუმის მერიის გადაწყვეტილების უკანონობისა და დისკრიმინაციულობის აღიარებას ადგილობრივი ხელისუფლება გაიზიარებს და დროულად დაიწყებს გადაწყვეტილების აღსრულებას. გადაწყვეტილების რეალუარი აღსრულება კი ათიათასობით მუსლიმი მოქალაქის საჭიროებისა და ინტერესის გათვალისწინება და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაა.

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბათუმში, საკმარისი სალოცავი სივრცის არარსებობის გამო, მუსლიმი მრევლის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას. ხელისუფლების მხრიდან მრავალჯერადი, უშედეგო დაპირების შემდეგ, „ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ 2016 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა და მეჩეთისათვის მიწის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია. ამის შემდეგ, 2017 წელს, მუსლიმმა თემმა თვითორგანიზებულად შექმნა ა(ა)იპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“, შეიძინეს მიწის ნაკვეთი და ბათუმის მერიას მიმართეს მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის თხოვნით. ბათუმის მერიამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილა, რითაც დისკრიმინაციულად შეზღუდა მუსლიმი მოქალაქეების რელიგიის თავისუფლება, მაშინ, როცა იმავე ფუნქციურ ზონაში, სადაც ფონდი ითხოვდა ნებართვის გაცემას, არაერთი მართლმადიდებლური ტაძარი შენდება და ფუნქციონირებს.

 

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ბათუმის მერიის უარი სასამართლოში 2017 წელს გაასაჩივრა. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებების კანონიერება. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენას რელიგიის ნიშნით და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ბათუმის მერიისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალებას.

 

2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია:

 

● სასამართლომ დააკმაყოფილა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით. იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა განთავსებული, მათგან სამი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა.

 

● ბათილად ცნო ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე.

 

● სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების დავალებას ეხებოდა.

 

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა კი გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების საკითხი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა. ფონდის სააპელაციო მოთხოვნაა, სასამართლომ პირდაპირ დაავალოს მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილება, რის გარეშეც შეუძლებელია განგრძობადი დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა დამატებითი მტკიცებულებები წარადგინეს. კერძოდ, სასამართლოს დავალებით ბათუმის მერიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად 2012 წლის შემდგომ, ბათუმის მერიაში საცხოვრებელი ზონა 6-ში საკულტო ნაგებობების მშენებლობის შესახებ არც ერთი განცხადება არ შესულა და შესაბამისად არც განხილულა, გარდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის განცხადებისა. თავის მხრივ, ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა წარადგინა მტკიცებულებები, თუ როგორ შენდებოდა და შენდება ბათუმში საცხოვრებელ ზონა 6-ში 2012 წლის შემდგომ მართლმადიდებლური ეკლესიები, ისე რომ ბათუმის მერიის მხრიდან არავითარი საჯარო მმართველობითი ღონისძიება, არც სანებართვო და არც სანქციის ხასიათის, ამ მშენებლობათა მიმართ არ ხორციელდება.

 

ბათუმის მერიამ ასევე წარმოადგინა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო სამართალდარღვევების საქმის წარმოების მასალები, რომლის თანახმად, ბათუმის მერიის მხრიდან არასოდეს არც ერთი საკულტო ნაგებობის მშენებლობა არ ყოფილა სანქცირებული გარდა სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ და „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ მუსლიმური საკულტო მშენებლობებისა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2021 წლის 13 აპრილს გამოაცხადა.

 

ამასთან, მიგვაჩნია, რომ, იმ პირობებში, როცა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი უკვე ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული და მუსლიმი თემის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ვერ გამართლდება რაიმე ლეგიტიმური მიზნით, აზრს კარგავს მერიისთვის საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ახალი აქტის გამოცემის დავალება. ამ ვითარებაში დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრის ერთადერთი გზა მესამე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მერიისთვის შესაბამისი აღმჭურველი აქტის (მშენებლობის ნებართვის პირველი სტადია) გამოცემის დავალება უნდა ყოფილიყო, რაც სამწუხაროდ არც სააპელაციო ინსტანციაში არ დაკმაყოფილდა. ამ გზით თავიდან იქნებოდა აცილებული მერიის გადაწყვეტილების ხელახალი გასაჩივრება, თუკი ის ფონდის მოთხოვნას ისევ არ დააკმაყოფილებს.

 

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ინტერესებს სასამართლოში იცავენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)", აღნიშნულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ