დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ეს არის მკაცრი პირობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გასაწევად - კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ერთობლივ წერილს ავრცელებენ 22.05.2021 17:58

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ერთობლივ წერილს ავრცელებენ. ერთობლივი წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზეა დაწერილი და პარლამენტის წევრებმაც მიიღეს.

 

 

„პირველ რიგში გვინდა, მივესალმოთ თქვენ მტკიცე მზაობას მედიაციის შედეგად 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ძირითადი რეფორმების პროცესში ოპოზციის ჩართულობის შესახებ. თქვენი როლი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მედიაციის შეთანხმებაში, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება ამბიციური სასამართლო რეფორმის მიღებაზე. პარტიები შეთანხმდნენ, რომ შეჩერდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესი და მიიღებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებით რეფორმას, რაც მოიცავს დანიშვნებს, შეფასებებს, დაწინაურებას, გაცვლას და სადისციპლინო ზომებს. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა სიღრმისეული სასამართლო რეფორმა გაატარონ, ინკლუზიური პროცესის საშუალებით და გაითვალისწინონ საერთაშორისო რეკომენდაციები, მხარი დაუჭირონ ამ რეფორმების შესრულებას, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც ეხება დანიშნული პირების მიუკერძოებლობას, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში.

მედიაციის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს გადამწყვეტი როლი აქვს უზენაეს სასამართლოში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტების განსაზღვრაში. ეს შესწორებები სასარგებლო იქნება, საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკვე გაწეული რჩევების გათვალისწინებით, მათ შორის ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრებების გათვალისწინებით.

ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გასაწევად. გარდა ამისა, შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება თუ შესწორებები მიიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნამდე და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების კენჭისყრამდე. მართლაც, ორივე შემთხვევაში დანიშვნის პროცესში დაუყოვნებლივი პაუზა იქნება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ნდობის გაუმჯობესების გულწრფელი გამოხატულება. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, უზრუნველვყოთ საერთაშორისო კონსულტაციები და მხარდაჭერა, როგორც ეს შეთანხმებით არის გათვალისწინებული, მათ შორის რაც შეეხება დანიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობას.

19 აპრილის შეთანხმების მხარეები ვალდებულებას იღებენ, კეთილსინდისიერად შეასრულონ ხელშეკრულების პირობები, რაც გულისხმობს ამბიციური სასამართლო რეფორმის მიღებას, ფართო, ინკლუზიური და პროცესში მხარეების ჩართულობით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით შიდა განხილვები და შესაბამისად, გადახედოს სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესს, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას, შემოიღოს შეფასების გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი სისტემა, მოსამართლეთა და სასამართლო მუშაკების დაწინაურება-გადაყვანის კუთხით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამ დისკუსიაში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცველი და ოპოზიცია.

წინასწარ გიხდით მადლობას 19 აპრილის მედიაციის შეთანხმების სულისკვეთების დაცვისთვის. თქვენ მცდელობას, დისკუსიებში პარლამენტის წევრებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობაზე არსებითი მნიშვნელობა ექნება მედიაციის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს საკითხებს ეხება“, – აღნიშნულია წერილში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ