დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა - არ შეგეშინდეთ, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა" 28.05.2020 16:56

მინდა, გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისაა, ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ უფლის მსგავსად, ყველა ადამიანის ამაღლება უნდა მოხდეს, ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ წუთისოფელში დროებით ვიმყოფებით.

 

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, სინამდვილეში, მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი ამბობს, რომ მე თქვენს შორის ვარო, მადლობა უფალს, ჩვენთან არს ღმერთი!

 

უფალი მოგიწოდებთ, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მინდა, გაგამხნევოთ - ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.

 

ჩვენ ვიცით თქმა, „ღმერთს ებარებოდეთო“. სანამ ამ მიწაზე ვართ, ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ! უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა უნდა გაახაროს. გაიხარეთ წუთისოფელსა შინა! როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილები, საჩუქრები, მე ვეუბნები მათ, თქვენც ასე უთხარით სტუმრებს, გაიხარეთ და გაგვახარე. ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა. გაიხარე საქართველო და მთელი მსოფლიო, ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

ამასთან, პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ ორშაბათს ნინოობაა. მისი თქმით, ის ბოდბეში გაემგზავრება.

 

„ორშაბათს არის ნინოობა, ხვალ მივემგზავრებით ბოდბეში და კვირას საღამოს იქნება ლოცვა, ორშაბათს წირვა. წმინდა ნინო შეგეწიოთ და დალოცვილი იყავით“,- განაცხადა პატრიარქმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ