დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობის დღესასწაულს აღნიშნავს 12.07.2020 00:51

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმინდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი - პეტრეპავლობის დღესასწაულს. უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება - 12 ივლისს. 

 

კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანა: 

 

„წმიდა მოციქულნი პეტრე და პავლე გამოირჩევიან დიდი რწმენით, სიყვარულითა და თავდადებით; გამოირჩევიან ადამიანური დიდი ღირსებებით. ეს არის ორი საოცარი სვეტი აღმართული ქვეყნიდან ზეცამდე. უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს შემთხვევით არ უბოძა ეს სახელი, რაც კლდეს ნიშნავს. სახარებაში ვკითხულობთ: „ამა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პეტრეს რწმენაზე აშენდა ეკლესია. წმიდა ეკლესია დაფუძნებულია სხვა მოციქულებზეც. ყველა მოციქული არის კლდე, მაგრამ მოციქულთა შორის გამორჩეულია წმიდა პეტრე და პავლე. საოცარი თვისებები ახასიათებს პეტრეს! იგი მუდამ პირველია. როგორი მკვეთრი და ნათელი პასუხი გასცა მან მაცხოვრის შეკითხვას: ვინ ვარ, - რას ფიქრობს ჩემზე ხალხიო? მოციქულებმა მიუგეს: ზოგი ამბობს წინასწარმეტყველიაო, ზოგს ელია ჰგონიხარ. მაშინ უფალი მეორედ ეკითხება მათ: „და თქვენ ვინ გგონივართ?“ ყველა მოციქულის სახელით პეტრე მიუგებს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა!“ ე.ი. იგი აღიარებს უფალ იესო ქრისტეს ძედ ღვთისად. უფალი იესო ამაზე დასძენს: „ეს გამოგიცხადა შენ მამა ზეციერმა... 

 

... პეტრე მოციქული ძალიან ბევრს მოღვაწეობდა და ბოლოს, ძირითადად, რომში იყო, როცა ქრისტიანების საშინელი დევნა დაიწყო, მოწაფეებმა ურჩიეს, დროებით გასულიყო რომიდან. როცა პეტრე მოციქული ქალაქის გალავანს გასცდა, დაინახა, რომ ვიღაც რომისკენ მოდიოდა. რომ მიუახლოვდა, მასში უფალი იესო ქრისტე იცნო, რომელსაც ჯვარი მიჰქონდა (ამ დროს უფალი იესო ქრისტე უკვე ზეცად იყო ამაღლებული და ეს იყო ხილვა). პეტრე მოციქული ეკითხება უფალს: „სად მიდიხარ?“ უფალი პასუხობს: „მივდივარ რომში, რათა მეორედ ვეცვა ჯვარს!“ ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარი გაუჩინარდა. ეს მითითება პეტრე მოციქულმა ღვთისგან მიიღო, რათა დაბრუნებულიყო რომში, სადაც ჯვარს აცვამდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ როგორ გაძლიერდა! სად გაქრა ის შიში, რომელიც ადრე ჰქონდა?! შეპყრობის შემდეგ პეტრე მოციქულმა, ჯალათებს უთხრა: „მე რა ღირსი ვარ, ჯვარს ვეცვა ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე, არამედ თავდაღმა გამაკარით“. და ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ღაღადებდა: „იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი!“ 

 

სულ სხვა პიროვნებაა პავლე მოციქული. მას ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ფარისევლების დიდ მასწავლებელთაგან და თვითონაც ამ ფენას ეკუთვნოდა. ჩვენს დროში ფარისეველი დამამცირებელი სიტყვაა; მაშინ კი ეს კასტა გამორჩეული იყო, როგორც თავადები. ეს იყო ძალიან განათლებული ხალხი. ამასთან, პავლე მოციქულს კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა სხვა მოციქულებზე, მას შთამომავლობით ჰქონდა რომის მოქალაქეობის წოდება. ქრისტეს სჯულზე მოქცევით სავლე პავლედ იქცა და თავისი ნიჭით ქრისტეს სამსახურში ჩადგა. როცა პავლე ამის გამო შეიპყრეს, თავი მოჰკვეთეს, რადგან ასეთი სიკვდილი უფრო საპატიოდ იყო მიჩნეული (რომის მოქალაქის ჯვარცმა არ შეიძლებოდა, რადგან ეს იყო სიკვდილით დასჯის დამამცირებელი ფორმა). აი, ასეთი ძალიან რთული ცხოვრება განვლეს წმიდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ. ისინი დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში და უშიშრად აცხადებდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა ცხოველისა და მისი უნდა ერწმუნა ხალხს. ამასთან, პავლე მოციქული მოგზაურობდა წარმართთა შორისაც და ქადაგებდა სახარებას. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ