დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

უცხოური პრესა - ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და პირობა დადო, რომ უკან აღარ დაბრუნდება 14.01.2021 14:53

საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მომხდარ მოვლენა-ფაქტებს ცნობილი რუსული გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“ («Независимая газета») ეხმაურება - 14 დეკემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და პირობა დადო, რომ უკან აღარ დაბრუნდება // შესაძლოა მილიარდერის გადაწყვეტილება ცვალებად გეოპოლიტიკურ რეალიებს უკავშირდება“.


რატომ წავიდა პოლიტიკიდან „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი? მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი ღია წერილშიც და შემდგომ ინტერვიუებშიც შეეცადა თავისი ნაბიჯის მოტივირებას, ქონებაც კი აღარ დაიტოვა და საქველმოქმედო ფონდს გადასცა, ქართული ოპოზიციამ ბოლომდე მაინც არ დაიჯერა მისი განცხადება, რომ იგი უკან აღარ დაბრუნდება.


„ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, ცხადია, თავისებურად ექსცენტრიულია. მარტო მისი სურვილის შესრულება რად ღირს, როცა მან საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში სალომე ზურაბიშვილი დასვა! ანდა ის ფაქტი, როცა მან რატომღაც თავისი ტელეარხი დახურა და შემდეგ იძულებული გახდა პროსამთვარობო ტელეკომპანია შეექმნა, რომ როგორმე კონკურენცია გაეწია ოპოზიციური „რუსთავი-2“-სთვის... ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია“, - ნათქვამია სტატიაში.


პუბლიკაციაში გადმოცემულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის თვალსაზრისი, რომელსაც არ სჯერა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა და ამბობს, რომ „იგი ისევ კულისებიდან გააგრძელებს ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას“, თავდაცვის ექს-მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადება - „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მისი დრო დასასრულს უახლოვდება, ამიტომ პასუხისმგებლობას გაურბის“, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი - „მიდის იმიტომ, რომ იგი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ახლა კი, როცა დონალდ ტრამპი დამარცხდა, ივანიშვილს ვაშინგტონისგან ლოიალური დამოკიდებულების იმედი აღარ აქვს“ და ა.შ.


არსებობს სხვა ვერსიებიც: ოლიგარქს საბოლოოდ იმედი გაუცრუვდა „ქართულ ოცნებაში“ და ამიტომ, მოსახლეობას გასახსენებლად პირადად მასზე რომ რაღაც კარგი დარჩეს, ამიტომ იგი პარტიას ჩამოშორდაო. ქვეყნის საექსპერტო წრეებშიც ამას ამბობენ, მაგრამ პანდემიას უკავშირებენ - „ქართული ეკონომიკა კრიზისშია და მას არ სურს ისტორიაში ისეთ ლიდერად დარჩეს, რომლის დროსაც ყველაფერი დაინგრაო“.


გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ზოგიერთები რეგიონში შეცვლილ სიტუაციას უკავშირებენ: მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეალობა ისეთია, რომ იხსება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციები, რომლებიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ამცირებენ. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ მთავრდება ყარსის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომლის მიხედვით, ჯერ კიდევ 100 წლის წინათ ამიერკავკასიაში მოსკოვისა და ანკარას გავლენის სფეროები გაიყო. საქართველოსთვის რთული დრო მოდის, ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა არჩია“, - აღნიშნულია სტატიაში.


წყარო: https://www.ng.ru/cis/2021-01-13/5_8055_georgia.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ