დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ჰერალდიკის საბჭო დროშის სახელმწიფო მნიშვნელობას განმარტავს 14.01.2021 16:52

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, დროშის დღის აღნიშვნასთან ერთად განმარტავს, რა საქმიანობას წარმართავს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც ქვეყნის უმთავრესი სიმბოლოს ინსტიტუციონალური დამკვიდრების მიმართულებით.

 

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ცნობით, საქართველოს დროშის აღდგენა და დამკვიდრება სახელმწიფოებრიობის განმტკიცების განუყოფელი ნაწილია.

 

მათი განმარტებით, ჰერალდიკის საბჭოს საქმიანობა მიმართულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების - საქართველოს სახელმწიფო გერბის და საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც ქვეყნის უმთავრესი სიმბოლოების ინსტიტუციონალური განმტკიცებისაკენ, მათ მიმართ სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა სიმბოლოების მხატვრულ-შინაარსობრივი დაქვემდებარების უზრუნველსაყოფად.

 

„საქართველოს სახელმწიფო დროშა შედგენილია - თეთრ ველზე გამოსახული ხუთი წითელი ჯვრით. შესაბამისად, ჰერალდიკური გაგებით, საქართველოს სახელმწიფოს ორ მთავარ ფერს წარმოადგენს თეთრი (ვერცხლი) და წითელი (მეწამული), ხოლო სახელმწიფოს თაურ-სიმბოლოს ერთი დიდი და ოთხი მცირე ზომის ჯვარი, პირობითი სახელწოდებით „ბოლნურ-კაცხური“. ჯვარი სახელმწიფოებრივად სრულიად სეკულარული ანუ რელიგიური შინაარსისაგან თავისუფალი სიმბოლოა, რომელიც, ცხადია, ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოებრივ და ცივილიზაციურ მემკვიდრეობას, კუთვნილებას და საქართველოს ტერიტორიისთვის საუკუნეთა განმავლობაში დამახასიათებელი სიმბოლოა. საქართველოს ყველა სხვა დაქვემდებარებული, მაგრამ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე სიმბოლო - სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, სპეციალური ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშნები, სახელმწიფო დაწესებულებათა ემბლემები, სამხედრო-საბრძოლო დროშათა ერთობლიობა, საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, მუნიციპალური დროშები და გერბები საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ მხატვრულ-შინაარსობრივად დაქვემდებარებული სიმბოლოებია. საბჭო ერთიანი ჰერალდიკური პოლიტიკის ფარგლებში, საერთაშორისოდ დადგენილი და ტრადიციულად მიღებული ჰერალდიკური ნორმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გეგმაზომიერად აწესრიგებს და სახელმწიფო სიმბოლოებს მხატვრულ-შინაარსობრივად უქვემდებარებს ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ქვეყანაში. ამით საბჭო აღწევს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ცნობადობის ზრდას, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სიმბოლიკის ერთფეროვნებას, სიმარტივესა და გამომსახველობას.

 

საბჭო მუშაობს სიმბოლიკასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწისა და სრულყოფის მიმართულებით. ამ მიზნით თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან, რათა მოხდეს სიმბოლოების სტატუსის განმტკიცება, მათი გამოყენების წესების დახვეწა, საქართველოს სახელმწიფო დროშის მიმართ ღირსი პატივით მოპყრობის დამკვიდრება. გადადგმულია უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები: საქართველოს სახელმწიფო დროშა აყვანილია საქართველოს კონსტიტუციის რანგში; ამოქმედებულია სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფო დაწესებულებებს 2021 წლის 31 იანვრამდე საბჭოს შეუთანხმონ და ერთიან ჰერალდიკურ პოლიტიკას დაუქვემდებარონ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები; მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ნებისმიერი დროშის საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აღმართვის წესი, რომელიც სავალდებულოა ყველა მოქმედი დაწესებულებისთვის. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი და ჰერალდიკის საბჭო ამჟამად მუშაობენ სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც გაამკაცრებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო დროშის გამოფენისა და აღმართვის წესებს, ასევე დააზუსტებს საქართველოს დროშის ჩამოხსნის, დაკეცვის წესებს, სახელმწიფო დროშის მიმართ უღირსად მოპყრობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხებს. ჰერალდიკის საბჭოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ასევე საზოგადოებაში, ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფო სიმბოლოების ცოდნის ზრდა, სახელმწიფო ატრიბუტიკისადმი პატივისცემის დამკვიდრება. საბჭო აწყობს გამოფენებს, ლექციებს, მუშაობს სასწავლო პროგრამებში ჰერალდიკისა და სიმბოლიკის საკითხების შეტანის მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ჰერალდიკის საბჭოს ცნობით, მოქმედი სახელმწიფო დროშის აღდგენის დღიდან, კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება დროშის ისტორიული სტატუსის დაცვა სამეცნიერო წრეებში, საინფორმაციო საშუალებებში, სამეცნიერო კვლევა, დამატებითი არგუმენტაციის მოძიება და გაცნობა საზოგადოების ფართო წრეებისთვის.

 

„საბჭომ მოიძია დიდი მასალა ევროპის საზღვაო რუკებზე საქართველოს დროშის ადგილის შესახებ. მისასალმებელია, რომ აღნიშნული მასალა უკვე გავრცელდა და დამკვიდრდა აკადემიურ და ინტელექტუალურ წრეებში და იქცა განხილვის საგნად. საზოგადოებას მისი ნახვა შეუძლია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივ მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ბიბლიოთეკის პირველ ადმინისტრაციულ კორპუსში. საბჭო აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას, იწვევს სპეციალისტებს, აქვეყნებს წელიწდეულს. 2020 წლის „ჰეროლდის“ მე-9 ნომერი სრულად მიეძღვნა ფალერისტიკის - სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების საკითხებს, მაგრამ მნიშვნელობიდან გამომდინარე გვერდი ვერ აუარა ისტორიის დოქტორის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მამუკა წურწუმიას სტატიას, სადაც ახალი ევროპული წყაროების მიხედვით მოყვანილი და დაზუსტებულია მონაცემები სვიმონ მეფის ხუთჯვრიანი დროშის, როგორც სამეფო დროშის შესახებ. დროშის სახელმწიფოებრივი სტატუსის განმტკიცებასთან ერთად, ხუთჯვრიანი დროშის შესახებ ისტორიული ცნობების შეგროვებასთან ერთად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ცდილობს აღადგინოს სახელმწიფო სიმბოლოების ღირსი პატივით მოპყრობის წესები, რომლებიც სახელმწიფოებრივმა წყვეტამ დაკარგა საზოგადოებაში, მაგრამ საკმაოდ მიღებული და გავრცელებულია უცხო ქვეყნებში. კერძოდ, მისასალმებელია, რომ საზოგადოებამ აიტაცა საბჭოს ინიციატივა და უკვე მერამდენე წელია ყოველ 14 იანვარს საკუთარი სახლებიდან, აივნებიდან, ფანჯრებიდან, ღობეებიდან სულ უფრო მეტი მოქალაქე აღმართავს და გადმოფენს საქართველოს სახელმწიფო დროშას, როგორც სამშობლოს პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციის, მისი ისტორიული სულისკვეთების უმთავრეს განსახიერებას!“,-აღნიშნულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ