დღე: 20

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8812

მან შეძლო, რომ დიდ მწერალთან ერთად დიდი ქართველიც ყოფილიყო - ვაჟა შუბითიძე 06.04.2021 17:24

ის იყო ყველაზე წესიერი ქართველი მწერალი და დიდი შემოქმედი, უზარმაზარი ტევადობის პატრიოტი, რასაც მისი ცხოვრება და ქმნილებებიც ადასტურებენ, - ასე ეხმაურება "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას.

 

"ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ამქვეყნად მისი სახელი და შემოქმედება რჩება მხოლოდ. გურამს სიკვდილიღა ეკლდა, რომ კლასიკოსად ეღიარებინათ და ეს დღეც დადგა. გადავიდა ზეციურ ქართველ გრანდებში და უკვდავებას ეზიარა. თქვენი არ ვიცი რას ფიქრობთ, მაგრამ ის იყო ყველაზე წესიერი ქართველი მწერალი და დიდი შემოქმედი, უზარმაზარი ტევადობის პატრიოტი, რასაც მისი ცხოვრება და ქმნილებებიც ადასტურებენ. ისტორიკოსებს განსაკუთრებულად და თავისებურად უყვართ თავისი ქვეყანა, მით უმეტეს, როცა ამხელა წერის ტალანტი აღმოაჩნდებათ და ამის ამოთქმის საშუალება მიეცემათ. 1984-89 წლებში ახალგაზრდების ერთ ნაწილს არაფორმალური ჯგუფი გვქონდა, სადაც მწვავე ეროვნულ თემებს ვიხილავდით, ვიწვევდით ცნობილ პატრიოტ შემოქმედებს, ვაწყობდით მათთან შეხვედრებს, რომელსაც ბოლოში პურმარილით ვნიღბავდით.


პირველი შეხვედრა მუხრან მაჭავარიანთან, ზურა ქაფიანიძესთან და ჯურხა ნადირაძესთან გვქონდა(მუხრანმა უწოდა ჩვენს კლუბს "არა და არა"- ქართული ხალხის და კულტურის არგადაშენების ნიშნად). მაშინ გურამ დოჩანაშვილმა ვერ მოახერხა მოსვლა. ამიტომ ცალკე შეხვედრა მოვუწვყეთ და მეუღლესთან ერთად დავპატიჟეთ, რაც დაგვირგვინდა ქეიფით წყნეთში, ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის სახლში. არასოდეს დამავიწყდება ეს საღამო, რადგან მე გახლდით საპატიო მძღოლი - მეგობრის ვეტერანი მამისგან ნათხოვარი ზაპოროჟეცით მოვიყვანე და წავიყვანე შინ მეუღლესთან ერთად. გზაშიც და სუფრაზეც მის გვერდით ვიჯექი და მთელი არსებით განმსჭვალული ვუსმენდი, ვუსვამდი კითხვებს საქართველოს წარსულზე და მომავალზე, მწერლობაზე და ა.შ. ცხოვრებაში არ შემხვედრია ბავშვივით ასე ალალი და გულუბრყვილო(ანუ პატიოსანი), უბრალო ადამიანი ქცევით, ჩაცმულობით, ნათელი აზროვნებით, სითბოს გამოსხივებით.


მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი მამა იყო, გახსნილი იყო ყველანაირად - ეტყობოდა, რომ სიამოვნებდა ახალგაზრდების მის მიმართ. გამოხატული სითბო და ყურადღება, მოფერება. ეგ იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა დიდ მწერალთან და ქართველთან- დიახ, მან შეძლო, რომ დიდ მწერალთან ერთად დიდი ქართველიც ყოფილიყო. საუკუნო ხსენება იყოს მისი. არაა გადამწყვეტი თუ სად დაკრძალავენ დიდ ადამიანს- სულხან-საბა და გურამიშვილი რუსეთ-უკრაინაში განისვენებენ, მაგრამ მთაწმინდაზე დაკრძალულ ჯანსუღ ჩარკვიანზე და ნოდარ დუმბაძეზე 10-ჯერ დიდები არიან..."- აცხადებს ვაჟა შუბითიძე.

 

შეგახსენებთ, რომ გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დღეს დაკრძალეს. 

 

მწერალი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის მანამდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში ორი კვირის განმავლობაში იყო.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ