დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

განათლების მიღმა დარჩენილი თაობა - ექსპერტი სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს 07.04.2021 16:51

კორონავირუსის პანდემიამ, ბევრ სხვა სფეროებთან ერთად, გარკვეული გავლენა განათლების სფეროზეც მოახდინა. საგანმანათლებლო დაწესებულებების დღის წესრიგი სრულიად შეიცვალა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით,  გამოკითხულთა 64 პროცენტი მიიჩნევს, რომ განათლება ქვეყანაში რეგრესს განიცდის, რაც, საგანგაშო მაჩვენებელია.  8 პროცენტი ფიქრობს, რომ - წინსვლას. 24 პროცენტს  კი, ამასთან დაკავშირებით ნეიტრალური მოსაზრება აქვს.

 

როგორია საქართველოში განათლების დონე და რა გამოწვევების წინაშე დგას სისტემა, -  ამ საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსი“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, განათლების ექსპერტს, - შალვა ტაბატაძეს ესაუბრა. მისი შეფასებით, არსებული  განათლების სისტემა სახარბიელო ნამდვილად არ არის. 

 

„თვალსაჩინოა, რომ მთლიანობაში სახარბიელო განათლების სისტემა არ გვაქვს. საერთაშორისო შეფასებები და ეროვნული კვლევებიც ამას ადასტურებს.  მაღალი ხარისხის სწავლებაში ნაკლებად არის შრომით ბაზარზე მიბმული პროგრამები. საინტერესოა, 64 პროცენტი შეფასებისას  რა ინდიკატორს იყენებს და რატომ აქვს ასეთი განცდა.

 

შალვა ტაბატაძემ განათლების სისტემაზე პანდემიის გავლენაზე ისაუბრა. მან უთანასწორობის პრობლემას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მასწავლებლები სწავლების ახალი მოდელისთვის მზად არ აღმოჩდნენ.

 

პანდემიამ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ის უთანასწორობა გაზარდა, რომელიც, სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებობდა. ზოგიერთი  სოციალური ჯგუფი  განათლების მიღმა აღმოჩნდა. განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, მოსწავლეების  12 პროცენტს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების ჯგუფისთვისაც მდგომარეობა გაუარესდა.

 

ე.წ "უფსკრული", რომელიც სხვადასხვა ჯგუფების შედეგებს შორის არსებობდა, კიდევ უფრო გაიზარდა. ვიღაცეებს მეტი ხელმისაწვდომობა გაუჩნდათ, იმიტომ, რომ ტექნოლოგიებთან წვდომა და საოჯახო მხარდაჭერა აქვთ, ზოგიერთი კი, განათლების მიღმა დარჩა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი გაგრძელდა და არ შეწყვეტილა, მოლოდინები, რომ ეს ხარისხიანად ხორციელდებოდა, - არ გამართლდა.  მასწავლებლები ამ პროცესისთვის მზად არ იყვნენ. ჩვენ მათ სწავლების ყველა შესაძლო მოდელისთვის არ ვამზადებთ, - პირისპირ სწავლება იქნება ეს, დისტანციური თუ შერეული. სამწუხაროდ, ამ სამივე მოდელისთვის მომზადებული პედაგოგები არ გვყავს. დისტანციური სწავლების და შესაბამისი საგაკვეთილო მეთოდიკის შესაძლებლობა ჩვენს მასწავლებლებს არ ჰქონდათ და რა თქმა უნდა, ხარისხთან მიმართებაში ეს პრობლემა არსებობდა.

 

ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეთა დასწრების პრობლემაა და ისინი მხოლოდ ფორმალურად არიან დარეგისტრირებულები, რეალურად, კი, დასწრება არ ხდება. ამის მაგალითია, მე-12 კლასელების დამოკიდებულება. თუ სტატისტიკას ნახავთ, მათი უმრავლესობა ონლაინ სწავლებაზე დარჩა, რადგან, ეს შესაძლებლობას აძლევთ სკოლაში არ იარონ, ფორმალურად დარეგისტრირდნენ და  მისაღები გამოცდებისთვის მოემზადონ.

 

შეიძლება ვთქვათ, რომ მეთორმეტე კლასში სასწავლო პროცესი მთლიანად ჩავარდნილია. ანალოგიური ვითარებაა მე-10 და მე-11 კლასებშიც“, - აღნიშნავს ის.

 

განათლების ექსპერტის შეფასებით, თუ პანდემიის გამო ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება, სისტემაში არსებული პრობლემები კვლავ გაგრძელდება.

 

"თუ სკოლა და ბაღი დაიკეტება, ის პრობლემები, რაც იყო, რა თქმა უნდა გაგრძელდება. მაგალითად, ხელმისაწვდომობისა და  მასწავლებელთა კვალიფიკაციის პრობლემა  არავის არ გადაუჭრია. მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში, არაფერი არ შეიცვლება და ამ თვალსაზრისით, განსხვავებული ვითარება არ იქნება. დიდი გამოცდილება, რომელიც სიტუაციას რადიკალურად შეცვლის, ჩვენ ვერ დავაგროვეთ.  სასწავლო დაწესებულებების და ბაღების ხელახლა დაკეტვა, ვფიქრობ, უკიდურესი ზომა იქნება“, - აღნიშნა მან.

 

შალვა ტაბატაძემ ქვეყანაში განათლების დონის ასამაღლებლად საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით,ზედმეტი რეგულაციები ეფექტურ სკოლის დირექტორს ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების საშუალებას არ აძლევს. პასუხისმგებელი პირები კი, რეფორმების განხორციელების ნაცვლად,  ყოველდღიური რუტინით არიან დაკავებულები.

 

„საკანონმდებლო პრობლემები, ზოგიერთ შემთხვევაში, ზედმეტ რეგულაციებს უკავშირდება, რომლებიც, დღესაც ხელს უშლის ყოჩაღი სკოლის დირექტორს გარკვეული პრობლემები მოაგვაროს. მაგალითად, ხელმისაწვდომობის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის  ან სკოლისთვის დაფინანსება მოიძიოს, დამატებითი ადამიანური რესურსი გამოიყენოს. ყველა ეს პროცედურა მკაცრად რეგულირებულია.  ზედმეტი რეგულაციები ეფექტურს სკოლის დირექტორს ეფექტურად მართვის საშუალებას არ აძლევს.

 

ნებისმიერი მინისტრი, გუნდი, რომელიც ამ სფეროში მოდის, რეალურად, რუტინული საქმიანობით და მასში ვითომ რაღაც სიახლეების შეტანითაა დაკავებული. რა არის განათლების სამინისტროს ახალი ამბები? ის, რომ მინისტრი შეხვდა ვიღაცეებს, გარემონტებული სკოლა ნახა, - ეს ყოველდღიური რუტინაა და არა ის, რომ რაიმე კონცეპტუალური რეფორმები წარმოადგინა.

 

2015 წლიდან ვისმენთ, რომ მსოფლიო ბანკის სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს და უმაღლესი განათლების დაფინანსების  ახალი მოდელი დაგვიდეს. 2021 წელია და დღესაც ეს ტექსტი მეორდება. 6 წელია, ამაზე ვლაპარაკობთ და ახალი მოდელი არ გვაქვს. შესაბამისად, ეს არის პრობლემა“.

 

როგორც ექსპერტმა „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, აუცილებელია ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც, სკოლას მეტ ფუნქციას მიანიჭებს და უმაღლესი  სასწავლებლების  ავტონომიურობას გააძლიერებს.

 

„მისაღები გამოცდების სისტემა სხვადასხვა პარამეტრებს უნდა ითვალისწინებდეს. ის მხოლოდ იმაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული, მშობელი დიდი თანხის გადახდას  და შვილისთვის კარგი რეპეტიტორის დაქირავებას რამდენად შეძლებს. ზოგადად, სასკოლო სწავლების განმავლობაში მოსწავლე რას აკეთებდა, მიღებისას არანაირი ყურადღება არ ექცევა, რაც პრობლემურია. სკოლის ფუნქცია, სტატუსი მთლიანად დაკარგულია, სასკოლო ცხოვრებას მნიშვნელობას  თვითონ მოსწავლეები და მშობლებიც აღარ ანიჭებენ.

 

ჩემი აზრით, ისეთ სისტემაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც სკოლას უფრო მეტ ფუნქციას მიანიჭებს.  მეორე მხრივ, უმაღლესების ავტონომიურობას გააძლიერებს და იმ უთანასწორობას აღმოფხვრის, რომელიც, მიღებისა და დაფინასების ნაწილშია. პრესტიჟულ და დასაქმებაზე მიბმულ ადგილებზე ის აბიტურიენტები აბარებენ, რომლებსაც მომზადებისას   მეტი ფულის  გადახდის შესაძლებლობა აქვთ და გრანტებსაც ისინი იღებენ, - ვისაც მეტი ფული აქვს, დაფინანსებას ის იღებს.

 

ჩვენს საზოგადოებაში, ამ პრობლემებზე ლაპარაკის ნაცვლად  ერთადერთი თეზაა მიღებული, რომ უმაღლესში ჩაბარების უნიკალური სისტემა გვაქვს. ადამიანებს შთააგონეს, რომ არსებული სისტემით ყველა თანასწორ ვითარებაშია ჩაყენებული და ვინმე წარმატებას თუ ვერ აღწევს, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თორემ სისტემა არაჩვეულებრივადაა მოწყობილი“,- განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ