ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის საშიშროება ყოველდღიურად უფრო რეალური ხდება. არსებოს იმის რისკები, რომ მეწყერი დაიძრას და კატასტროფული შედეგები მივიღოთ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დაძრული მეწყრის ნაპრალი თბილისის მერიამ ქვიშით ამოავსო. ამის შესახებ ინფორმაციას სეისომოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ფოტომასალასთან ერთად ავრცელებს.
“მე მეგონა “ღადაობდნენ”, - ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო როდესაც მერიის საბჭოზე განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ) მეჩვენება თუ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება “- წერს თეა გოდოლაძე.
„ჯორჯიან თაიმსი“ თეა გოდოლაძეს დაუკავშირდა, რომელმაც, აღნიშნულ ფაქტზე დეტალურად ისაუბრა.
„ეს რაღაც ახალი მოიფიქრეს. რას აკეთებენ, არ ვიცი. შეიძლება ეს გადასარევი იდეაა, „ნოუჰაუა“ და უნდა გავავრცელოთ. ის კი ვიცი, რომ არც კვლევა ჰქონიათ, არც ნახაზები. მონიტორინგი გვაქვსო, ასე თქვეს. მე მაინც არ ვიცოდე ვის ატარებინებენ მონიტორინგს. რეალურად, არაფერი გვაქვს!
უცხოელებმა მითხრეს, რომ საკმაოდ სერიოზული მეწყერია და რა პროცესები განვითარდება არ ვიცითო, ცოტახანი დაველოდოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლადო. წავიდა ის ხალხი და ესენი ტრაქტორებით შედგნენ. უცხოელებმაც ის თქვეს, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ - ის, რომ ეს კოპლექსური მეწყერია და კონკრეტული გზა არ არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ისინი გერმანიაში დაბრუნდნენ, ორ დღეში ტვინი გადაუბრუნდათ და უთხრეს, რომ ტრაქტორებით მიდექითო, - რაც წარმოუდგენელია. ეს არასერიოზული მიდგომაა,“- აცხადებს სეისმოლოგი.
მისივე განმარტებით, ეს ფაქტი პროფესიული კუთხით სისულელეა.
„რომ აანკერებენ, ხომ უნდა იცოდნენ სად აანკერებენ. 12 მეტრზეა დაძრული, თუმცა, ეს რეალობა ხომ არაა, ვატერალური ვარიაცია ჰქვია ამას, ზოგგან 16 მეტრია, ზოგგან - 17, ან 9 მეტრია სიღრმე. სრული სურათი არ გვაქვს, თუ როგორ შეიძლება დაიძრას. ამიტომ უნდა იცოდე სად აანკერებ, სად უფრო გამოფიტულია და როგორ შეიძლება ძალთა გადანაწილება ჰქონდეს. ძალიან ბევრი დეტალია. ასე რომ მიადექი და ნახაზი არ გაქვს, კვლევა არ გაქვს. ჩვენ თუ არ ვიცით რამე, ათას კაცს ვეკითხებით, რომ სწორად გავაკეთოთ, ეს დასაძრახი არ არის, რადგან საპასუხისმგებლო საქმეა,“- აღნიშნავს თეა გოდოლაძე.
როგორც სეისმოლოგი ჩვენთან საუბარში აცხადებს, შესაძლებელია სამომავლოდ მეწყერი დაიძრას და ვიღაც მოყვეს მის ქვეშ.
„გერმანელებმა თქვეს, რომ ეს ძალინ მძიმე პრობლემაა. გამოვთქვით აზრი, რომ არსებობს ამერიკის სამხედრო კორპუსი, რომლებიც სამხედრო ინჟინრები არიან და მსგავსი პრობლემის მოგვარების გამოცდილება აქვთ. ჩვენ ქალაქში საინჟინრო პრობლემა გვაქვს, ეს კი ყველაფერს ეტყობა: ასფალტს, შენობებს, შუქნიშნებს , ქალაქის მოწყობასა და ინფრასტრუქტურას. ასეთი აზრი გვქონდა, რომ ჩამოსულიყვნენ ისინი და მოლაპარაკება დაგვეწყო, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მინიმალური დანაკარგებითა და დანახარჯებით მოგვარება. უკვე ვემზადებოდით პროცესისთვის, მაგრამ, დღეს გავიხედეთ და ამერიკელების ნაცვლად საბჭოთა წარმოების ტრაქტორები დაგვხვდა.
მე თვითონაც არ ვიცი რა ვქნა. დღეს, ამერიკელებთან არაფორმალური კონსულტაცია მაქვს. პირველი შემთხვევაა, როცა დაძრულ მეწყერთან გვაქვს საქმე. ეს შეიძლება ხვალ არ იყოს პრობლემა, არც ზეგ, მაგრამ მასზეგ აუცილებლად შექმნის. შეიძლება მის ქვეშ ვიღაცაც მოყვეს,“- აცხადებს თეა გოდოლაძე.
შეგახსენებთ, რომ მეწყერის საშიშროების შესახებ, თავდაპირველად საზოგადოებამ 18 მარტს შეიტყო, როცა ჯერ „თბილისის ფორუმზე“, ხოლო შემდეგ უკვე, სოციალურ ქსელში აეროგადაღების კადრები გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს ფერდობზე გაჩენილი ნაპრალი.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge